საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი მედლით დაასრულა
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი მედლით დაასრულა

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს, მათგან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.

რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა რუს არტიომ სურკოვთან წააგო.

ევროპირველობის ქართველი დებიუტანტები იური ლომაძე (72 კგ) და დავით ჩხარტიშვილი (60) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ. ლომაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოლდაველ დანიელ კატარაგას 15:6 მოუგო და პირველად წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეს ხუთქულიანი გდება გაუკეთა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს (60 კგ) მან ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა გერმანელ ეტიენე კინსინგერს მოუგო.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ნუგზარ წურწუმია (55) და იაკობ ქაჯაია კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

ამრიგად, ბექა როყვას შეგირდებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.