მას შემდეგ, რაც აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გავრცელება თავდაპირველად საკმაოდ ნელა მიდიოდა. ორი თვის თავზე, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.
ექსპერტებს სწორედ ეს ე. წ. ექსპონენციალური მრუდი აშფოთებს. თუ ინფიცირების შემთხვევები ყოველ სამ დღეში გაორმაგდება, მაისისთვის აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს მიაღწევს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა განცხადებით, გავრცელება შეიძლება შენელდეს, თუ ხალხი „სოციალურ დისტანცირებას“ დაიწყებს, ანუ თავს მოარიდებს საჯარო სივრცეებს და ზოგადად, შეზღუდავს გადაადგილებას.
რაიმე ზომების მიღების გარეშე, COVID-19 გავრცელებას განსაკუთრებით გააგრძელებს მომდევნო თვეების განმავლობაში. იმის გასაგებად, თუ რატომ, შეგვიძლია მოვახდინოთ რაიმე არარსებული დაავადების გავრცელების სიმულაცია მოსახლეობაში.
გამოცემა The Washington Post-მა სწორედ ასეთი დაავადების სიმულირება მოახდინა. ის უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე COVID-19 — როდესაც 🔵 ჯანმრთელი ადამიანი შედის კონტაქტში 🟤 დაავადებულთან, ისიც ავად ხდება.
მხოლოდ ხუთი ადამიანისგან შემდგარ პოპულაციაში, ყველა მათგანი მალე ავადდება.
რეალურ ცხოვრებაში ადამიანები რა თქმა უნდა, თანდათან იკურნებიან. 🟣 გამოჯანმრთელებულ ადამიანს სიმულაციაში აღარც სხვა ჯანმრთელის დაინფიცირება შეუძლია და აღარც თავად დაინფიცირება ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ.
მოდი, ვნახოთ, როდესაც სიმულაციაში დაავადება ვრცელდება 200-კაციან სოფელში. დაავადება სოფელში შემთხვევითი ადგილიდან იწყება, მოძრაობს შემთხვევითი კუთხით და 🟤 აინფიცირებს ერთ ადამიანს.
ყავისფერი მრუდი დაავადებულთა რაოდენობას განსახიერებს; დააკვირდით, როგორ იზრდება მისი დახრილობა დაავადების გავრცელებასთან ერთად და ეცემა ხალხის გამოჯანმრთელებისას.
სიმულირებული სოფელი საკმაოდ პატარაა და შესაბამისად, დაავადება მთელ მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდა. აშშ-ის მსგავს დიდ ქვეყანაში, სადაც 330 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მრუდმა მაღლა აწევა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გააგრძელოს, სანამ კვლავ დაწევას დაიწყებს.
როდესაც საქმე ნამდვილ COVID-19-ს ეხება, გამოცემამ არჩია, სიმულაციაში ვირუსის გავრცელება ნელა ეჩვენებინა, იქამდე, ვიდრე ის აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს დააინფიცირებდა. შესანელებლად წარმოდგენილ ║ იძულებითი კარანტინის სიმულაციაში, როგორიც ჩინეთმა ხუბეის პროვინციაში შემოიღო, ხედავთ, რომ COVID-19 ნულოვანია.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, სიმულაცია ამტკიცებს, რომ შეუძლებელია მოხდეს დაავადებულთა სრული იზოლაცია ჯანმრთელებისგან.
ლინა ვენი, ქალაქ ბალტიმორის ჯანდაცვის კომისიის ყოფილი წევრი, ჯერ კიდევ იანვარში განუმარტავდა The Washington Post-ს იძულებითი კარანტინის არაპრაქტიკულობის შესახებ.
„ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრები მრავალი ადამიანი მუშაობს ქალაქში და პირიქით. შესაძლებელია თუ არა ადამიანთა გამოცალკევება მათივე ოჯახებიდან? როგორ მოხდება ყველა გზის ბლოკირება? როგორ მოხდება მოსახლეობის საკვებით მომარაგება?“, — აღნიშნავდა ვენი.
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის პროფესორი ლოურენს გოსტინის აზრით კი, სიმართლე ის არის, რომ ამ სახის იზოლაციები იშვიათია და არასოდესაა ეფექტიანი.
საბედნიეროდ, არსებობს დაავადების გავრცელების შენელების სხვა გზები. უპირველესად, ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელებმა ხალხს უნდა მოუწოდონ თავი აარიდონ საჯარო თავშეყრებს, უფრო ხშირად დარჩნენ სახლში და შეინარჩუნონ დისტანცია სხვებისგან. თუ ხალხი ნაკლებად მოძრავი და ერთმანეთთან ნაკლებ კონტაქტური იქნება, ვირუსს გავრცელების მცირე შესაძლებლობა რჩება.
ზოგი ადამიანი გარეთ მაინც გავა. სახლში დარჩენა მათ შეიძლება ვერ შეძლონ სამსახურისა და სხვა ვალდებულებების გამო, ანდაც უბრალოდ უგულებელყონ და არ გაიაზრონ გაფრთხილებები. ამ ადამიანებს საკუთარი თავის და შემდეგ სხვების დაინფიცირების ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.
მოდი, ვნახოთ, რა ხდება, როდესაც მოსახლეობის ნახევარი მოძრაობას აგრძელებს, დანარჩენი სამი-მეოთხედი კი იცავენ „სოციალური დისტანცირების“ რეკომენდაციას.
რაც უფრო მეტია სოციალური დისტანცირების შემთხვევები, მით მეტი ადამიანი რჩება ჯანმრთელი; ამავე დროს მნიშვნელოვანია შეიზღუდოს ის ყველაფერი, რაც ხალხს საჯარო შეკრებებისკენ იზიდავს.
„საჯარო სივრცეებში შეკრების სურვილის გაკონტროლება შეგვიძლია ამ საჯარო სივრცეების დახურვით. იტალიამ დახურა ყველა რესტორანი. ჩინეთმა დახურა ყველაფერი, აშშ კი ამას ახლა აკეთებს. შეკრების შესაძლებლობათა შემცირება ხალხს სოციალურ დისტანცირებაში ეხმარება“, — ამბობს თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლეჯის მოსახლეობის ჯანდაცვის მკვლევარი დრიუ ჰარისი.
სოციალური დისტანცირების მეტი შემთხვევის სიმულირების დროს, ვნახავთ რა მოხდება, თუ მოძრაობას მხოლოდ ყოველი მერვე ადამიანი მაინც მოახერხებს.
თქვენ მიერ ნანახი ოთხივე სიმულაცია — სრული თავისუფლების, იძულებითი კარანტინის, ზომიერი სოციალური დისტანცირებისა და და უფრო საყოველთაო სოციალური დისტანცირების — ეფუძნება მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის შედეგები უნიკალურია.
მიუხედავად სხვადასხვა შედეგებისა, ჩანს, რომ ზომიერი სოციალური დისტანცირება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე იძულებითი კარანტინი, ყველაზე უკეთ კი მუშაობს საყოველთაო სოციალური დისტანცირება. ქვემოთ ხედავთ შედარებას ოთხივე ამ ზომას შორის.
შეგახსენებთ, რომ გრაფიკებში სიმულირებული არ არის COVID-19 და თანაც, სიმულაციები ზედმეტად გამარტივებულია რეალური ცხოვრების კომპლექსურობასთან შედარებით. მათში დაავადება მოძრავი ბურთების საშუალებით ვრცელდება, რეალობაში კი COVID-19 გადაგვაქვს ჩვენ.
და კიდევ, ერთი უმნიშვნელოვანეს ასპექტი — სიმულანტებში ნაჩვენები არ არის, მაგრამ COVID-19-ს შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი. მართალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამ დროის მონაცემებით, ის საშუალოდ 1-3 პროცენტს შეადგენს და ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები.
შენიშვნა: სტატიის ორიგინალში სიმულაციები მოცემულია შემთხვევითობის პრინციპით, გრაფიკების ყოველი ხელახლა გაშვებისას, სიმულაციის პროცესი არის შემთხვევითი, სხვადასხვა თანმიმდევრობით. ჩვენ გთავაზობთ მათ მხოლოდ ერთ, ასევე შემთხვევით ვერსიას.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.