ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება აძლიერებს ამინდის ბუნებრივ ფენომენს, რომელიც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სითბურ ტალღებს იწვევს; ამის გამო, მეცნიერები აცხადებენ, რომ 2023 შეიძლება ყველაზე ცხელი წელი იყოს კაცობრიობის მიერ აღრიცხულთა შორის.
სტატიაში გთავაზობთ ექსპერტთა განმარტებებს, თუ რატომ არის 2023 წელი ასე ცხელი და იქვე გვაფრთხილებენ, რომ რეკორდული ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, თუკი კაცობრიობა მკვეთრად არ შეამცირებს პლანეტის გამათბობელი აირების გაფრქვევას.
ელ-ნინიო და სხვები
2022 წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემდეგ, დაბრუნდა წყნარი ოკეანის გამათბობელი ფენომენი, სახელად ელ-ნინიო, რომელიც ოკეანეებს ათბობს.
„ამან ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი შეიძლება კიდევ უფრო გაათბოს, თუმცა, იმის გამო, რომ ელ-ნინიოს მოვლენა მხოლოდ ახლა იწყება, ეს ეფექტის ალბათ მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება“, — წერს ორგანიზაცია Berkeley Earth-ის ტემპერატურის მონიტორინგის ჯგუფის მეცნიერი რობერტ როდე.
ჯგუფის გათვლებით, 81 პროცენტია იმის შანსი, რომ 2023 ყველაზე ცხელი წელი გახდეს მას შემდეგ, რაც თერმომეტრის მონაცემთა ჩაწერა დაიწყო, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან.
მტვერი და გოგირდი
ატლანტის ოკეანის გათბობა შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა ორი ისეთი ნივთიერების რაოდენობის შემცირებამ, რომლებიც ოკეანიდან მზის სინათლეს უკან აირეკლავენ: ესენი საჰარის უდაბნოდან ატანილი მტვერი და გემების საწვავის მიერ გამოყოფილი აეროზოლები.
როდეს მიერ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ რეგიონისთვის ჩატარებული ტემპერატურის ანალიზი მიუთითებს, რომ ბოლო თვეებში, საჰარიდან განსაკუთრებით ცოტა ოდენობის მტვერი მოდის.
გერმანიის ფედერალური კლიმატური სერვის-ცენტრის მეცნიერის, კარსტენ ჰაუსტეინის განცხადებით, ამის მიზეზი კი არის ატლანტიკური ქარების უჩვეულო შესუსტება.
ამავე დროს, 2020 წელს ნაოსნობაში შემოღებულმა ახალმა შეზღუდვებმა ტოქსიკური გოგირდის გამონაბოლქვი შეამცირა. როდეს განცხადებით, ეს მთლიანად არ უნდა ხსნიდეს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურის მატებას, მაგრამ უნდა აძლიერებდეს მის სიმწვავეს.
„უძრავი“ ანტიციკლონები
გამთბარო ოკეანე გავლენას ახდენს ხმელეთის ამინდზე, ზოგიერთ ადგილებში განაპირობებს სითბურ ტალღებს და გვალვებს, ზოგში კი შტორმებს და ა. შ. რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატურ მეცნიერებათა პროფესორის, რიჩარდ ალენის განცხადებით, ცხელი ატმოსფერო ერთ ადგილას ტენიანობას შთანთქავს და მას სხვა ადგილას გამოათავისუფლებს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ ხანგრძლივი ანტიციკლონური სისტემების სიგრძეს და სიძლიერეს, რაც სითბურ ტალღებს იწვევს.
„იქ, სადაც კონტინენტთა თავზე უძრავი მაღალი წნევის ზონები ნარჩუნდება, ჰაერი დაბლა ეშვება და თბება, შლის ღრუბლებს და იწვევს ზაფხულის მზიან დღეებს, ამ დროს კი ცხელდება მიწა და მის თავზე ჰაერი. ასეთ დროს სითბური ტალღები ადგილზე შეიძლება კვირების განმავლობაში დარჩეს“, — ამბობს ალენი.
ევროპაში, „აფრიკიდან შემოსული ცხელი ჰაერი ადგილზეა გაჩერებული, მაღალი წნევის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელდება ზღვის, ხმელეთისა და ჰაერის უფრო გაცხელება“, — ამბობს რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ჰანა კლოკი.
კლიმატის ცვლილების როლი
გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) საკუთარ გლობალურ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ 1950-იანი წლების შემდეგ, კლიმატის ცვლილებამ მომაკვდინებელი სითბური ტალღები უფრო გაახშირა და გააძლიერა პლანეტის ხმელეთის უმეტეს რეგიონებში.
ამ თვის სითბური ტალღები „ერთეული ფენომენი კი არ არის, არამედ წარმოადგენს ერთდროულად მოქმედ რამდენიმე ფენომენს. თუმცა, ყველა მათგანს აძლიერებს ერთი ფაქტორი — კლიმატის ცვლილება“, — ამბობს საფრანგეთის პიერ-სიმონ ლაპლასის კლიმატის ინსტიტუტის მეცნიერი რობერტ ვოტარდი.
მაღალმა გლობალურმა ტემპერატურამ სითბური ტალღები უფრო გაახანგრძლივა და გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალაა, კლიმატის ცვლილება ის ერთი ცვლადია, რომელზეც ადამიანებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ — ამისათვის საჭიროა შემცირდეს წიაღისეული საწვავის წვის შედეგად აირების გაფრქვევა.
„კლიმატის ჩვეულებრივი, კარგად ცნობილი ბუნებრივი რხევებიდან გადავდივართ ჯერ უცნობ და უფრო ექსტრემალურ ტერიტორიაზე. თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევამციროთ ჩვენი, ადამიანური გავლენა კლიმატზე და არ შევქმნათ უფრო ექსტრემალური და ხანგრძლივი სითბური ტალღები“, — ამბობს მელისა ლაზენბი, სასექსის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი კლიმატის ცვლილების საკითხებში.
სიცხის პროგნოზი
Berkeley Earth გვაფრთხილებს, რომ ამჟამინდელმა ელ-ნინიომ 2024 წელს დედამიწა შეიძლება კიდევ უფრო გააცხელოს.
IPCC აღნიშნავს, რომ სითბური ტალღების რისკი უფრო ხშირდება და ძლიერდება, თუმცა, მთავრობებს კლიმატის ცვლილების შეზღუდვა ჯერ კიდევ შეუძლიათ სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებით.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ნახშირბადის ემისიების ღრმა, სწრაფ და მდგრად შემცირებას ნულამდე, დათბობის შეჩერება შეუძლია, მაგრამ კაცობრიობას მომავალში უფრო ძლიერ სიცხესთან შეგუება მოუწევს“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გლობალურ ცვლილებათა მეცნიერების ხელმძღვანელი საიმონ ლევისი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.