რატომ არ უნდა გვეშინოდეს გიგანტური ასტეროიდის, რომელიც დედამიწას 4 თებერვალს ჩაუვლის
13:32, 23.01.2018
დედამიწისკენ მოემართება ასტეროიდი, რომელიც ზომით ჩვენს ნებისმიერ ცათამბჯენს აღემატება. NASA-ს ცნობით, ასტეროიდი სახელად 2002 AJ129 ჩვენს პლანეტას 4 თებერვალს ჩაუვლის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველაზე ახლოს მოსვლისას, ასტეროიდსა და დედამიწას შორის მანძილი მაინც 10-ჯერ მეტი იქნება (4,2 მლნ კმ), ვიდრე ჩვენს პლანეტასა და მთვარეს შორისაა.
2002 AJ129-ის სიგანე 0,5 კილომეტრია, სიგრძე 1,2 კმ. (დუბაის ბურჯ-ხალიფას ზომის). აღმოაჩინეს 2002 წლის 15 იანვარს, NASA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოსვლისას, ასტეროიდის სიჩქარე 34 კმ/წმ იქნება, უფრო მეტი, ვიდრე დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა უმეტესობას ჰქონია ჩვენს პლანეტასთან ჩავლისას.
ასეთი მაღალი სიჩქარის მიზეზია ასტეროიდის ორბიტა, რომელიც მზეს ძალიან უახლოვდება, 18 მლნ კმ მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ 2002 AJ129 კლასიფიცირებულია, როგორც „პოტენციურად საშიში ასტეროიდი“, პროგნოზირებად მომავალში, იგი დედამიწასთან შეჯახების საფრთხეს არ შეიცავს.
„ამ ასტეროიდს უკვე 14 წელი ვაკვირდებით და მისი ორბიტა დეტალურად ვიცით. როგორც ჩენი გათვლები მიუთითებს, 2002 AJ129-ს შანსი ნული აქვს, რომ 4 თებერვალს ან მომდევნო 100 წლის განმავლობაში დედამიწას შეეჯახოს“, — ამბობს NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პოლ ჩოდასი.
დაივიწყეთ 4 თებერვალი, საშიში არაფერია.
ეს ასტეროიდი შედარებით პატარაა, ვიდრე 1908 წელს ციმბირში ჩამოვარდნილი ე. წ. ტუნგუსკის მეტეორიტი, რომელსაც 1000 ატომური ბომბის ძალა ჰქონდა.
NASA მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ტაბლოიდთა მყვირალა სათაურებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.