სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს ნომერი პირველი რისკფაქტორია, რადგან მხოლოდ აშშ-ში, სიგარეტის პროდუქტებით არის გამოწვეული ფილტვის კიბოთი სიკვდილის შემთხვევათა 90 პროცენტი.
ეჭვგარეშეა, რომ ფილტვის კიბოსგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებაა. თუმცა, ამავე დროს ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მწეველი ყველა ადამიანი არ არის განწირული ფილტვის კიბოსთვის.
უფრო მეტიც, აბსოლუტური უმრავლესობა. მეცნიერებს ამის მიზეზი უკვე დიდი ხანია აინტერესებდათ და ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში როლს გენეტიკა თამაშობს.
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეწევიან, მაგრამ ფილტვის კიბო არასოდეს ჰქონიათ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თანდაყოლილი უპირატესობა. სავარაუდოდ, მათი ფილტვების საფარში არსებული უჯრედები დროთა განმავლობაში ნაკლებად განიცდიდნენ მუტაციას.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზოგიერთ ინდივიდში გაცილებით აქტიურია დნმ-ის აღმდგენი გენები, რაც შეიძლება მათ კიბოს წარმოქმნისგან იცავდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიგარეტს რეგულარულად ეწევიან.
კვლევის ფარგლებში გამოიყენეს 14 არასოდეს მწეველი და 19 მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ მწეველის ბრონქების გენეტიკური პროფილები.
მონაწილეთა ფილტვებიდან აღებული ზედაპირის უჯრედების სეკვენირება ინდივიდუალურად ჩაატარეს, რათა გაეზომათ მუტაციები მათ გენომებში.
„ფილტვის ეს უჯრედები წლების განმავლობაში ახერხებს გადარჩენას, ათწლეულებიც კი, შესაბამისად, შეუძლიათ მუტაციების აკუმულირება როგორც ასაკთან, ისე მოწევასთან ერთად. ფილტვის უჯრედებს შორის, მათში ყველაზე მაღალია ალბათობა, რომ კანცეროგენურები გახდნენ“, — ამბობს ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის ეპიდემიოლოგი და პულმონოლოგი საიმონ სპივაკი.
კვლევის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგები ცალსახად წარმოაჩენს, რომ ადამიანის ფილტვებში მუტაციები ასაკთან ერთად იზრდება და მწეველებში დნმ-ის დაზიანება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
უკვე დიდი ხანია, თამბაქოს მოწევა ფილტვებში დნმ-ის დაზიანების გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც ეს ახალი კვლევა აჩვენებს, ყველა მწეველი ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მწეველობა უჯრედის მუტაციათა მაჩვენებლის ზრდასთან კავშირში აღმოჩნდა, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში დღეში ერთი კოლოფის მოწევის შემდეგ, რისკი პლატოსებური ხდება.
„ყველაზე მძიმე მწეველებს მუტაციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონდათ. ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ასეთი მძიმე მწეველობის მიუხედავად, ეს ინდივიდები ასე დიდხანს შეიძლება იმიტომ გადარჩნენ, რომ მოახერხეს შემდგომ მუტაციათა აკუმულირების დათრგუნვა. მუტაციების ეს ნიველირება შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ ამ ადამიანებს დაზიანებული დნმ-ის აღდგენის ან სიგარეტის წევის დეტოქსიკაციის ძლიერ გაწაფული სისტემა აქვთ“, — ამბობს სპივაკი.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ არ უვითარდებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მწეველთა დაახლოებით 80-90 პროცენტს ფილტვის კიბო არასოდეს. ასევე შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაშიც, რატომ ემართებათ ფილტვის სიმსივნე ზოგ ისეთ ადამიანს, ვინც არასოდეს ყოფილა მწეველი.
მიუხედავად იმისა, რომ ტოქსიკური თამბაქო ფილტვებში დამატებით იწვევს უჯრედების მუტაციას, გარდაიქმნება თუ არა ეს მუტაციები სიმსივნედ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად შეუძლია ორგანიზმს დნმ-ის აღდგენა ან დნმ-ის დაზიანების შემცირება.
დნმ-ის აღდგენასთან დაკავშირებული გენები შეიძლება მემკვიდრეობით მიღებული ან შეძენილი იყოს; აღმდგენი გენების მისუსტებასა და კიბოს განვითარებას შორის კავშირი კი წინა კვლევებმაც აჩვენა.
გენები ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც ინდივიდის კიბოს რისკზე ახდენს გავლენას. გარემო ფაქტორები, მაგალითად, კვების რაციონი ასევე ახდენს გავლენას იმ საკვებ ნივთიერებებზე სხეულში, რომლებიც თავის მხრივ, სიმსივნის განვითარებაზე ახდენენ გავლენას.
რა ანიჭებს ზოგიერთი ინდივიდის სხეულს დნმ-ის აღდგენის უკეთეს უნარს, ჯერ კიდევ დებატების საგანია და სავარაუდოდ რთული საკითხიც, მაგრამ ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს პროცესი მჭიდრო კავშირშია ფილტვის კიბოს განვითარებასთან.
„ამჯერად გვსურს ახალი ანალიზების შემუშავება, რომლითაც გავზომავ ზოგიერთის დნმ-ის აღდგენისა და დეტოქსიკაციის უნარს, რამაც შეიძლება ახალი გზა მოგვცეს ინდივიდებში ფილტვის კიბოს რისკის შესაფასებლად“, — ამბობს გენეტიკოსი იან ვიგი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია einsteinmed.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.