რატომ აქვს ვენერას ატმოსფეროში უცნაური ამოზნექილობა - საიდუმლო ამოხსნილია
რატომ აქვს ვენერას ატმოსფეროში უცნაური ამოზნექილობა - საიდუმლო ამოხსნილია

ვენერას ატმოსფეროში არსებულ იდუმალ, მერყევ ამოზნექილობას ახლა უფრო კონკრეტული ახსნა აქვს. ახალი კვლევის მიხედვით, გრავიტაციის უზარმაზარი ტალღის გამომწვევი მიზეზი პლანეტის უზარმაზარი მთების ქედებია.

ჩვენს პლანეტასთან მსგავსების გამო, ვენერას ხშირად დედამიწის დას უწოდებენ. მაგრამ ვენერა ჩვენი მშობლიური პლანეტისგან განსხვავებით, სასტიკი და უკაცრიელია. მისი გარემო იმდენად განსხვავდება დედამიწისგან, რამდენადაც კი ეს კლდოვან პლანეტაზე შეიძლება მოხდეს.

ერთ-ერთი ასეთი განსხვავებაა ბუშტის მსგავსი გიგანტური სტრუქტურა, რომელიც ვენერას ზედა ატმოსფეროში პერიოდულად ჩნდება და 10 000 კილომეტრზეა გადაჭიმული. პირველად ის 2015 წელს, ვენერას გარშემო მოძრავმა იაპონურმა ხომალდმა „აკაცუკიმ“ შენიშნა.

ვენერა მრავალმხრივ არის გამორჩეული. ურანის მსგავსად, ბრუნავს რეტროგრადულად, ანუ მზის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით. მთელ მზის სისტემაში ასე მხოლოდ ვენერა და ურანი ბრუნავენ საკუთარი ღერძის გარშემო. გარდა ამისა, ბრუნვის მაჩვენებელი უკიდურესად ნელია — ვენერას ერთი დღე დედამიწის 243 დღეს გრძელდება.

ეს დრო უფრო მეტია, ვიდრე ვენერას წელიწადი — მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის პლანეტას 225 დღე სჭირდება.

გარდა ამისა, ვენერას ატმოსფერო 60 ჯერ უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე თავად პლანეტა. ერთ შემობრუნებას ის ოთხ დღეს ანდომებს.

ასეთი სწრაფი ბრუნვის შედეგად, პლანეტაზე წარმოიქმნება 400 კმ/სთ სიჩქარის ქარები. ამ ფენომენს სუპერბრუნვას (სუპერროტაცია) უწოდებენ. წესით, იგი უნდა გამორიცხავდეს იმ ოთხდღიანი სტაციონარული გრავიტაციის ტალღის არსებობას, რომელსაც ასტრონომები მასიური ამოზნექილობის სახით ხედავენ.

„რამდენიმე დღის დაკვირვების დროს, ბუშტის ფორმის სტრუქტურა შედარებით ფიქსირებული იყო მაღალმთიანეთის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერო საკმაოდ ჩქარა ბრუნავდა“, — წერდნენ იაპონელი მკვლევრები 2017 წელს.

მათი ვარაუდით, ეს სტრუქტურა წარმოქმნილი უნდა ყოფილიყო ქვედა ატმოსფეროში, მთიანი ტოპოგრაფიის მიერ ჩამოყალიბებული ატმოსფერული გრავიტაციის მიერ.

ახლახან, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა თომას ნავარომ და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ეს ანალიზი მართებულია.

ცნობილია, რომ ბუშტის მსგავსი ეს ტალღა ჩნდება პლანეტის ეკვატორთან, აფროდიტე-ტერას მთების თავზე, 4500 მეტრ სიმაღლეზე, რას მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.

თეორიის დასამტკიცებლად, ნავარომ და მისმა ჯგუფმა პლანეტისა და მისი ატმოსფეროს შესახებ კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. მათი სიმულაციების შედეგები თვალშისაცემ თანხმობაში მოვიდა 2015-2017 წლებში ხომალდ აკაცუკის მიერ განხორციელებულ დაკვირვებებთან.

გარდა ამისა, ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ამ ტალღებს შესაძლოა, გავლენა აქვს პლანეტის ბრუნვაზე, რადგან უნდა იწვევდეს ატმოსფერული წნევის რყევებს, რაც საბოლოოდ ანელებს ვენერას ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო.

ეს ეფექტი ვენერას დღის მხოლოდ რამდენიმე წუთია, მაგრამ ადვილად შეუძლია ახსნას ვენერას ბრუნვის მაჩვენებელში დაფიქსირებული შეუსაბამობები. მაგალითად, 2015 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კვლევამ 6,5-წუთიანი სხვაობა იპოვა წინა გაზომვისას მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით.

მეცნიერებმა დაზუსტებით არი იციან, რატომ ბრუნავს ვენერა ასე ნელა. არც ის იციან, რატომ არის მისი ბრუნვა რეტროგრადული. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ამის მიზეზი მკვრივ ატმოსფეროსთან ხახუნია. შესაბამისად, სულაც არ სცდება რეალობის ფარგლებს მოსაზრება, რომ გრავიტაციის უცნაურ ტალღას გავლენა ჰქონდეს ბრუნვის მაჩვენებელზე.

ვენერას შესახებ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ჯგუფის განცხადებით, მრავალ ახალ ცნობას მოგვაწვდის პლანეტის დღის ზუსტი ხანგრძლივობის გარკვევა.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.