რატომ აქვს მზის სისტემის პლანეტებს ერთმანეთისგან განსხვავებული შემადგენლობა - ახალი თეორია
რატომ არის მზის სისტემის პლანეტების შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავებული? კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ბერლინის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევრებს ახალი ახსნა აქვთ.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ისინი მიმოიხილავენ კალციუმის იზოტოპთა შემადგენლობას ზოგიერთი მეტეორიტის, დედამიწისა და მარსის შემთხვევაში.
როგორც კვლევის ავტორი ალესანდრო მორბიდელი შენიშნავს, პლანეტარულ მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ მზის სისტემის პლანეტებს ერთნაირი წარმომავლობა აქვთ — მზის გარშემო მოძრავი პროტოპლანეტური დისკოს კლდის პატარა ნამსხვრევები ერთმანეთს ეჯახებოდა, იზრდებოდა, წარმოქმნიდნენ უფრო დიდ ნამტვრევებს, რომლებიც თანდათან პროტოპლანეტებად იქცნენ. თუმცა, უცნობია, რატომ წავიდნენ ამ წერტილის შემდეგ პლანეტები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული გზებით.
იმის გასარკვევად, რა მოხდა სინამდვილეში, მკვლევრებმა ახალი თეორია შეიმუშავეს.
ჯგუფის ვარაუდით, პროტოპლანეტები ერთნაირი მაჩვენებლით იზრდებოდნენ, მაგრამ ზრდა სხვადასხვა დროს შეწყვიტეს. პატარა სხეულებმა ზრდა დიდებზე უფრო ადრე შეწყვიტეს. მათი აზრით, ამ დროის განმავლობაში, მასალები გამუდმებით ემატებოდა დისკოს. როგორც ირკვევა, უფრო ადრე შერწყმული მასალების შემადგენლობა განსხვავდებოდა მოგვიანებით მიერთებულისგან, რაც კარგად ხსნის დღეისათვის არსებულ კლდოვან პლანეტათა ერთმანეთისგან განსხვავებულ შემადგენლობებს.
აღნიშნულ დასკვნამე მისასვლელად, მკვლევრებმა შეისწავლეს ენგრიტებისა და ურეილიტების სახელით ცნობილი მეტეორიტების, ასევე დედამიწის, მარსისა და ასტეროიდ ვესტას კალციუმ-იზოტოპური შემადგენლობა.
მათი თქმით, კალციუმის იზოტოპი ჩართულია ქანების ფორმაციაში და შესაბამისად, გვთავაზობს საკვანძო ცნობებს მათი წარმოშობის შესახებ.
როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ნიმუშების იზოტოპური პროპორციები თანაფარდობაშია მათი დედა პლანეტების ან ასტეროიდების მასებთან, რაც სარწმუნო ცნობებს იძლევა აკრეციის მიმდინარეობის ვადების შესახებ.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, პლანეტათა განსხვავებული შემადგენლობების კიდევ ერთი მტკიცებულებაა ის, რომ პატარა პლანეტებმა მატერიის მიერთება (აკრეცია) რაღაც მომენტში შეწყვიტეს, უფრო დიდებმა კი ეს პროცესი გააგრძელეს.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით