რატი იონათამიშვილი - დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენენ
დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.
მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ინტერსია, რაც შეიძლება სწრაფად და თანმიმდევრულად გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს.
„მსგავსი დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური პარტიები ამ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენენ. ჩვენ შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ ცხადია, ისინი ვერანაირ ძალას და ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევენ ვერც „ქართულ ოცნებას“ და ვერც სხვა სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი ინტერესი ჩვენი ამომრჩეველი, საზოგადოება და მოქალაქეებია. ასევე ის, რომ მთავარი გამოწვევები და მთავარი პრობლემები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, უსწრაფესად და თანმიმდევრულად გადაიჭრას. მსგავსი განცხადებებით ისინი საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობენ. მაგრამ ვფიქრობ, ამ ტაქტიკაშიც ისინი წინასწარ განწირულები არიან. ვურჩევ, დაფიქრდნენ, შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა და კონკრეტული აქტიური დღის წესრიგი, თუ უნდათ, რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში ამომრჩევლებთან და პარტიის წევრებთან გუშინ გამართული შეხვედრის დროს პროვოკაცია მოხდა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი. ხაზარაძის თქმით, პარტიამ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია მოახდინა.
ამასთან, სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან საბანკო სესხების პროცენტების განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებისას, გარკვეული ჯგუფი, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მართული, აქტივისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა.