მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პროვოკაცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პროვოკაცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში ამომრჩევლებთან და პარტიის წევრებთან გუშინ გამართული შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროვოკაცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი. ხაზარაძის თქმით, პარტიამ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია მოახდინა.

„ზუგდიდში გუშინ შეხვედრა გვქონდა ამომრჩევლებთან, ჩვენი პარტიის წევრებთან. წარვადგინეთ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ახვლედიანი, თუმცა ამ ღონისძიების დროს მოხდა პროვოკაცია და ეს პროვოკაცია დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ. ჩვენ გავაკეთეთ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია და მინდა, წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი გადასახადებისა და დაფინანსების ხარჯზე ახორციელებენ სხვადასხვა პარტიის, ამ შემთხვევაში, „ლელოს“ მიმართ პროვოკაციას. ესენი გახლავთ: მადონა მაქაცარია, ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. როლანდ მაქაცარია, სპორტის აიპის ხელმძღვანელი; ჯაბა შენგელია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი; ვახო ზარანდია, „ოცნების“ მხარდამჭერი, ასევე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ასე შემდეგ. კითხვა მაქვს „ოცნების“ პარტიასთან, კერძოდ, მის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ეს მეთოდები იყო 90-იან წლებში. ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონაფიცირებულ იდენტიფიკაციას და არც ერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე. ვარ ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის შემავსებელი ამ ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს თანხა იხარჯება იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. არ გამოგივათ არც დაშინება, არც ხელშეშლა. ასევე, სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დალეწეს. მთელი პარტია ვართ მობილიზებული და ჯერ არ ვასახალებთ სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც ასევე იდენტიფიცირებული გვყავს. ერთად წარმოგიდგენთ მათ სახეებს, თუ როგორ დასდევენ ჩვენი პარტიის ღონისძიებას, ჩვენი პარტიის ლიდერებს, რათა როგორღაც დარჩნენ ხელისუფლებაში.

გპირდებით, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია. ეს არის გუშინდელი დღე. ასეთი საქართველო არავის არ სჭირდება, ასეთი ადამიანები არც სამეგრელოს სახეა და არც ზუგდიდის, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ამ სახეებისგან, ამ მენტალობისგან ჩვენ საქართველოს გავწმენდთ არჩევნებზე და თქვენ იქნებით ამის მომსწრე. ეს არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიან ანგარების გამო. ამის მთელი ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ამას ვაფინანსებთ ჩვენ. ხელისუფლებაში მოსული პარტიები გადაიბარებენ ყოფილ მოსამართლეებს, ყოფილ პროკურორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მოემსახურებიან უკვე ახალ ხელისუფლებას და კიდევ ვიმეორებ, მათი დაფინანსება ხდება ჩვენი გადასახადების ხარჯზე. ამას ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ საქართველოში. ესენი არიან უპრინციპო ადამიანები, ღირებულებების გარეშე, ღირსების გარეშე, რომლებიც იყიდებიან და მათი სულები და მათი მდგომარეობა გაყიდულია გროშებზე. ჩვენ ამას დავამთავრებთ საქართველოში. საქართველოს სჭირდება ახალი ძალა, ახალი იმედი, აღმშენებლობა, ახალი კონკრეტული პროგრამა სჭირდება, რომელიც „ლელოს“ გააჩნია. დღეს მივდივართ ანაკლიაში. გვაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან, არაჩვეულებრივ ხალხთან, რომელსაც გაუჩერეს უზარმაზარი პროექტი, მთელი ღამის განმავლობაში სუს-ი რეკავდა და ხვდებოდა ჩვენ მხარდამჭერებს, რომ მიტინგზე არ მოვიდნენ. კიდევ ვიმეორებ, ეს დამთავრდება, სუს-ი დაიშლება იმ ფორმით, რა ფორმითაც არის და ყველა დამსჯელი ორგანო ჩაბარდება ისტორიას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი