რატი ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად
რატი ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს.

„მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების. ბუნებრივია, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება კვლავაც დაიცავს ბალანსს ადამიანის უფლებების დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის.

„დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ისე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული, ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“, – აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში დემონსტრაციისას პარლამენტის შესასვლელების სრული ბლოკირება და პოლიციის ძალისხმევის შეფერხება შეიძლება, შეფასდეს დასაგმობ საქციელად. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მათში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა პოლიციის მცდელობისას, გაეხსნა გასასვლელი პარლამენტის შენობისკენ.

ამასთან, რაც შეეხება კიდევ ერთ მოსარჩელეს, კაჭარავას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.