რას ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმა - სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს
ახალი საარჩევნო რეფორმის ინიცირება 8 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა კი, დღეს გაიმართება.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომელიც დოკუმენტს ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაუგზავნის.
ცვლილებებით, ახლებურად დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე. ცესკო 17 წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან რვა პროფესიული ნიშნით აირჩევა, ცხრა წევრს ის პარტიები წარადგენენ, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ეყოლება. პროექტით განისაზღვრება ისიც, რომ პროფესიული ნიშნით ცესკო-ს წევრობის რვა კანდიდატი ღია კონკურსის წესით შეირჩევა.
ინიციატივით უცვლელია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. ცესკო-ს ხელმძღვანელს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკო-ს წევრთაგან პრეზიდენტის წარდგინებით ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით აირჩევს.
კანონპროექტით ვალდებულება ჩნდება 365 საარჩევნო უბნის გადათვლის. კერძოდ, პროექტით, უბნების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ის გადათვლა უნდა მოხდეს. ამ გადათვლასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იქნება, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, ფართოვდება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არ მქონე პირთა წრე. კერძოდ, საჯარო მოხელის ნაცვლად, განხორციელდება საჯარო მოსამსახურის მითითება და ეს ცნება კი მოიცავს, როგორც პროფესიული საჯარო მოხელეს/საჯარო მოხელეს/მოხელეს, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირსაც. აღნიშნულ პირებს კი აეკრძალებათ, სამუშაო საათების განმავლობაში, ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაუშვებელი იქნება, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელი იქნება, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
ასევე ცვლილებებით, გაიზრდება გასაჩივრების ვადები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს განიხილავს ოთხი კალენდარული დღის ვადაში.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, შესაძლებელი გახდება, ცესკო-ს თავმჯდომარის, აგრეთვე ცესკო-სგან უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ორი კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრება სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად კი მიიღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების თვალსაზრისით ახალ ცვლილებებს, პროექტით, თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის, ხოლო თვითმმართველ თემში ორი ერთზე თანაფარდობით.
ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრისგან, რომელთაგან ათი წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
ინიციატივით განსაზღვრულია საარჩევნო ბარიერი. კერძოდ, თბილისის საკრებულოში 2.5 პროცენტი იქნება.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, იცვლება ხმის მიცემის პროცედურები. კერძოდ, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემა, ხმის დათვლა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება. აღნიშნული კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა და მიღება 1-ელ მაისამდე იგეგმება. დროის ეს დათქმა გაკეთებულია „მოქალაქეების“ მიერ, რომელთაც ამ ცვლილებების განხორციელება „ქართული ოცნებისგან“ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მოითხოვეს და ამ მიზნით მმართველ გუნდთან მემორანდუმი გააფორმეს. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების დამტკიცება არ მოხდება. „მოქალაქეების“ დათქმა არსებობს, რომ ისინი პარლამენტს დატოვებენ.