რას ითვალისწინებს კანონი მარიხუანას შეძენა-შენახვისა და კულტივირების შემთხვევაში - იურისტის განმარტება
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, კანაფის (მარიხუანა) მოხმარება სრულად ლეგალურია, – აცხადებს იურისტი გიორგი ჩიტიძე და განმარტავს, თუ რას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა მარიხუანას შეძენა-შენახვისა და კულტივირების შემთხვევაში.
„გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (ალტერნატიული სანქცია ჯერ არ არის განსაზღვრული). ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (ალტერნატიული სანქცია ჯერ არ არის განსაზღვრული). კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე. მარიხუანას შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, – წერს ჩიტიძე სოციალურ ქსელში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა. ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილება გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის.