რამილია ალიევა - საქართველოს პირველი არხის პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას
საქართველოს პირველი არხის პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, – ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელი რამილია ალიევა აცხადებს.
„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი, რომელიც მოიცავს ქართული ენის პოპულარიზაციას და საკმაოდ ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი ამ პროექტის ფარგლებში.
საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. ამის გამო, მათ უჭირთ ინტეგრირება და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვკარგავთ მათ პოტენციალს. მათი პრობლემის გამო, მათი ენის ბარიერის გამო, ისინი არ არიან ჩართულნი ქვეყნის საქმიანობაში უფრო მჭიდროდ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ პროექტი, რომელსაც განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – „ჩვენი ქართული ენა“ იქნება ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი იმ მხრივ, რომ დაეხმარება ორ რეგიონს – ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთს სახელმწიფო ენის შესწავლაში.
ეს პროექტი განხორციელდება საკმაოდ თანამედროვე მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი არის გრძელვადიანი და მოიცავს რამდენიმე ასპექტს. შევეცდებით, რომ მოკლე პერიოდში მივაღწიოთ გარკვეულ მიზნებს და გვქონდეს შედეგები. „ჩვენი ქართული ენა“ არის მრავალმხრივი, ბევრ ასპექტს მოიცავს და შესაბამისად, აქტივობა უკვე წელსვე ჩატარდება, მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც გვაქვს. პირველი ასეთი აქტივობა არის ონლაინ ოლიმპიადა – „ჩვენი ქართული ენა“. წელს ონლაინ ოლიმპიადა ჩატარდება აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
საქართველოს პირველი არხის პროექტი – „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადა. წელს პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.
პროექტის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება, კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები წამახალისებელ საჩუქრებს მიღებენ.