რამილია ალიევა - გრძელდება პროექტი „ჩვენი ქართული ენა“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის კუთხით
რამილია ალიევა - გრძელდება პროექტი „ჩვენი ქართული ენა“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის კუთხით

საქართველოს პირველი არხის პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ გრძელდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ განაცხადა, შეხვედრები ტარდება ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში.

„პროექტზე მომუშავე ჯგუფი იმყოფებოდა ქვემო ქართლში, გარდაბნისა და მარნეულის სოფლებში. შეხვედრები გვქონდა ოლიმპიადის მე-7 და მე-8 კლასელებს შორის ჩატარებულ კონკურსში მონაწილეებთან, რომლებმაც მიიღეს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები საქართველოს პირველი არხისგან.

ამ ეტაპზე, პროექტის ოლიმპიადის ნაწილი გრძელდება. მალე ჩატარდება ქართული ენის ოლიმპიადა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მე-9 და მე-10 კლასელებს შორის. ასევე, გამოცხადება რეგისტრაცია მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. უკვე ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით „ჩვენი ქართული ენა“. გვაქვს შერჩეული საუკეთესო ნაშრომები და უახლოეს მომავალში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენ, როგორც საქართველოს პირველი არხი, ვფიქრობთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ასევე, „ტელესკოლის“ ფარგლებშიც გრძელდება არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის გაკვეთილები და „ჩვენი ქართული ენა“ ნამდვილად არის ის ღირებულება, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა რამილია ალიევამ.