რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს.
საკითხზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა.
კანონპროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები. ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები ხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის თანახმად, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები ქმნიან ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამებს. ძლიერდება ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა – კერძოდ, სახელმწიფო ვალდებულება, განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბავშვს, რომელიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებულია მშობელთა ზრუნვას.
პროექტის მიხედვით, ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა – განისაზღვრება ყოველი ბავშვის უფლება, ისარგებლოს სოციალური დაცვით.