„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სრულფასოვნად ამოქმედების თარიღად პირველი ივნისის ნაცვლად, 2020 წლის პირველი სექტემბერი განისაზღვრება
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სრულფასოვნად ამოქმედების თარიღად პირველი ივნისის ნაცვლად, 2020 წლის პირველი სექტემბერი განისაზღვრება

შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადდა, რომელიც პარლამენტს წარედგინა. თარიღის გადაწევის მიზეზად შესაბამისი უწყებების სათანადო მომზადება სახელდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ სათანადო კანონქვემდებარე აქტები, პროგრამები და უნდა გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები. ასევე, ბავშვთან მომუშავე ყველა პირმა (პროფესიონალმა) შესაბამისი მომზადება უნდა გაიაროს.

„არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ზემოთ დასახელებული უწყებები საქმიანობას აწარმოებენ დისტანციურ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათი საქმიანობის მობილობას და ეფექტიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც არ შეჩერებულა კოდექსით გათვალისწინებული სწავლების და გადამზადების პროცესი, ბავშვთან ურთიერთობის უნარის მქონე სპეციალისტების მომზადება თეორიული ცოდნის გარდა მოითხოვს პრაქტიკულ მეცადინეობებსაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ამ ეტაპზე სრულად ვერ განხორციელდება. დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გათვალისწინება (უშუალო კომუნიკაცია, პრაქტიკული დავალებების შესრულება, სამუშაო ადგილზე სიმულაციის განხორციელება და სხვა) დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით შეუძლებელია. ამდენად, კოდექსის ამოქმედებამდე დარჩენილ ვადაში, ზემოთ მითითებული შემაფერხებელი გარემოებების გამო, ობიექტურად ვერ მოესწრება, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის შემუშავების გზით დადგინდეს ახალი, გონივრული ვადა, რაც შესაბამის უწყებებს მისცემს საშუალებას სრულყოფილად და ხარისხიანად შეასრულონ ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული დავალებები”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

პარლამენტმა „ბავშვთა კოდექსი“ გასულ წელს მიიღო, რომელიც ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.