რამდენიმე დღის წინ ცაში ვარსკვლავი აფეთქდა — მოვლენის დანახვა ახლაც შეგიძლიათ #1tvმეცნიერება
მოკლე საინფორმაციო პუბლიკაციათა ონლაინსერვის The Astronomer’s Telegram-ზე გამოქვეყნებული შეტყობინების მიხედვით, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით, ვარსკვლავი ნოვად აფეთქდა და მისი ნათება ღამის ცაზე ჯერ კიდევ ხილულია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან მოვლენა სამოყვარულო ტელესკოპითაც შეგიძლიათ დაინახოთ, თუ მას შესაბამისი მიმართულებით მიმართავთ.
მოვლენა პირველად 2021 წლის 18 მარტს იაპონელმა მოყვარულმა ასტრონომმა იუჯი ნაკამურამ შენიშნა. 135-მილიმეტრიანი ლინზით 15-წამიანი ექსპოზიციის დროს გადაღებულ ოთხ კადრში ჩანს 9,6 მაგნიტუდის სიდიდის ნათება ისეთ ადგილას, სადაც ოთხი დღით ადრე არაფერი იყო.
აღმოჩენის შესახებ ნაკამურამ დაუყოვნებლივ აცნობა იაპონიის ეროვნულ ასტრონომიულ ობსერვატორიას. მეცნიერებმა ამბის გარკვევა მაშინვე დაიწყეს.
კიოტოს უნივერსიტეტის სეიმეის ტელესკოპის გამოყენებით, იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიისა და კიოტოს უნივერსიტეტის ასტრონომებმა სპექტროსკოპიული ანალიზები ჩაატარეს, მრავალფერიანი ფოტომეტრიული დაკვირვებებისთვის კი კიოტოს უნივერსიტეტის 0,4-მეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს.
დადასტურდა, რომ საქმე ეხება მოვლენას, რომელსაც კლასიკური ნოვა ეწოდება და წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ვარსკვლავურ აფეთქებას. ამ კონკრეტულ მოვლენას სახელად V1405 Cas უწოდეს.
კლასიკური ნოვა არ გახლავთ მასიური ვარსკვლავის უზარმაზარი აფეთქება; წარმოადგენს აფეთქებას თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ზედაპირზე, რომლის გარშემოც, ახლო ორბიტაზე, 12 საათზე ნაკლებ პერიოდში მოძრაობს მთავარი მიმდევრობის ბინარული კომპანიონი ვარსკვლავი. ორი ასეთი ვარსკვლავის ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას, პატარა, მკვრივი თეთრი ჯუჯა მის დიდ, გაბერილ კომპანიონს წყალბადს აცლის.
მოპარული წყალბადი თეთრი ჯუჯას ატმოსფეროში შეედინება, სადაც ის ცხელდება. როდესაც ეს წყალბადი საკმარისად ცხელდება და მკვრივი ხდება, თეთრი ჯუჯას ზედაპირზე იწყება ბირთვული სინთეზი, რა დროსაც გამოიყოფა უზარმაზარი ოდენობის ენერგია, რომელიც დაუწვავ წყალბადს ფეთქებადად ისვრის კოსმოსში.
Ia ტიპის სუპერნოვასგან განსხვავებით, რომელშიც თეთრი ჯუჯა ფეთქდება, ნოვას შემთხვევაში ორივე ვარსკვლავი „ცოცხალი“ რჩება და თავიანთ უცნაურ ურთიერთობას აგრძელებენ, ერთ მშვენიერ დღეს კი თეთრი ჯუჯას ზედაპირზე კვლავ მოხდება აფეთქება. თავად ნოვას შედეგად წარმოქმნილი ნათება ცაზე რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში გრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელმა ვარსკვლავმა წარმოქმნა ახალი მოვლენა V1405 Cas, მაგრამ არის ერთი ძლიერი კანდიდატი: ჩაბნელებადი ცვალებადი (ბინარული) ვარსკვლავი CzeV3217, რომელიც მზის სისტემიდან 5500 სინათლის წლით არის დაშორებული.
ამ ნოვას უკეთ შესწავლაში ასტრონომებს დამატებითი დაკვირვებები დაეხმარება, ასევე მოხერხდება იმის გარკვევაც, არის თუ არა მოვლების წყარო მართლაც ვარსკვლავი CzeV3217.
ვინაიდან ასეთი ვარსკვლავური აფეთქებები ძლიერ არაპროგნოზირებადია, ცაზე მათი სწრაფი დაფიქსირება ყოველთვის ადვილი არ არის და შესაბამისად, V1405 Cas-ის ასე მალე შემჩნევა ფრიად ამაღელვებელია.
თუ ამ მოვლენის დანახვა საკუთარი თვალით გსურთ, გეტყვით კოორდინატებს: პირდაპირი აღვლენა 23 24 47.73, დახრილობა +61 11 14.8, კასიოპეას თანავარსკვლავედის ვარსკვლავ კაფის (β კასიოპეა) სიახლოვეს, B-ტიპის ვარსკვლავ HIP 115566-სთან ახლოს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.