რამაზ საყვარელიძე - ევროპას რეალობის დანახვა დიდხანს არ უნდოდა და ამიტომ არის, რომ ოკუპაციის თემას დღესაც გვერდით დებს
რამაზ საყვარელიძე - ევროპას რეალობის დანახვა დიდხანს არ უნდოდა და ამიტომ არის, რომ ოკუპაციის თემას დღესაც გვერდით დებს

ევროპას რეალობის დანახვა დიდხანს არ უნდოდა და ამიტომ არის, რომ ოკუპაციის თემას დღესაც გვერდით დებს, რადგან არსებობს რაღაც ერთი ციცქნა საქართველო და დიდი რუსეთი, რომლის დანახვისაც ეშინია, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„აგერ მერკელი პუტინს ახლაც რუსულად ეჭიკჭიკება, რომ როგორმე ასიამოვნოს. ამას თავისი ისტორიული წინამძღვრები აქვს, მაგრამ ევროპა ისეთი თამამი არ არის, როგორც ტრამპისეული ამერიკა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ჩინეთი გაცილებით მეტ ეკონომიკურ ინვესტიციას ახორციელებს, ვიდრე ევროპა და თუ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიული დარჩება, ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ ჩინური ინვესტიციებისა და გეგმების რეალობა დგება.

„ამ პროცესში ჩინეთის ადვოკატად ყოფნა მირჩევნია, ვიდრე ევროპის, რადგან რუსეთს ჩინეთის ნამდვილად ეშინია. თუ ის ევროპას რაღაცნაირად ეჯიბრება და ეთანაბრება, ჩინეთზე გაჩუმებულია და ხმას არ იღებს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ჩინური კარტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩინურ-ევროპული ურთიერთობის შუა წერტილად საქართველო კარგად ჩაჯდა.

რამაზ საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ იურიდიულად გამართული დოკუმენტაცია ჩინური კარტის პერსპექტივისთვისაც გვჭირდება, რადგან თუ ჩინეთის მხრიდან დაცვა და მხარდაჭერა დაგვჭირდება, მასთან ჩვენი ინტერესების წარდგენა შევძლოთ.

„საქართველოში, რატომღაც, მხოლოდ დასავლეთისკენ ვიხედებით და აღმოსავლეთისკენ – აღარ. არადა, აღმოსავლეთი არსებობს, რომლისაც რუსეთს შესაძლოა, უფრო ეშინოდეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.