რამ წარმოქმნა უცნაური ხვრელები არქტიკის ყინულებზე - ზუსტი პასუხი NASA-საც არ აქვს
ამჟამად, NASA არქტიკაში 10-წლიან აეროკვლევას ახორციელებს. ყინულოვანი რეგიონი ხშირად გვთავაზობს ისეთ სიურპრიზებს, რომელთა მსგავსიც აქამდე არასოდეს გვინახავს.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას — გასულ კვირას, კვლევითმა თვითმფრინავმა P–3-მა ბოფორტის ზღვის თავზე გადაფრენისას უცნაური წრიული ფორმაციები შენიშნა.
მოცემული ფოტოები გადაიღო კრიოსფერულმა მეცნიერმა ჯონ სონტაჯმა, რომელიც ხელმძღვანელობს NASA-ს პროგრამა Operation IceBridge-ს. აღნიშნული პროგრამა იკვლევს ზღვის ყინულის დონეს და ქცევას პლანეტის ორივე პოლარულ რეგიონში.
იდუმალი ხვრელები სონტაჯმა პირველად ორი კვირის წინ, კანადაში, მდინარე მაკენზის დელტიდან 80 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით შენიშნა.
ბოფორტის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ყინულის დონის კვლევისას შემჩნეული ეს ხვრელები ჯერ აუხსნელია, თუმცა მკვლევრებს აქვთ გარკვეული ვარაუდი, თუ რა შეიძლება იყოს ისინი.
როგორც რამდენიმე ნიშანი მიუთითებს, ამ ზონაში ყინული შედარებით ახალია.
„დიდი ალბათობით, ყინული თხელი, რბილი და მოქნილია, რაც კარგად ჩანს ხვრელებთან არსებულ ტალღოვან მახასიათებლებში“, — ამბობს ზღვის ყინულის გეოფიზიკოსი დონ პეროვიჩი.
კიდევ ერთი საინტერესო ნიშანი შეიმჩნევა სურათის მარჯვენა ზედა ნაწილში — ტალღოვანი მახასიათებლები, რომლებიც ყინულის მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობაზე მიუთითებს.
ამ სახის გამორჩეული, ზიგზაგური მახასიათებლები ყალიბდება მაშინ, როცა ერთმანეთს ეჯახება ყინულის ორი ფენა და წარმოქმნის თითების მსგავს შებერილობებს.
„ამ ზონაში ყინული ნამდვილად თხელია, როგორც ამას ხრველების სიახლოვს, თითების მსგავს წარმონაქმნებზე ხედავთ. ნაცრისფერი, თოვლის მცირე საფარზე მიუთითებს. დარწმუნებით არ ვიცი, რა სახის დინამიკას შეიძლება წარმოექმნა ხვრელებს გარშემო არსებული ნახევრად წრიული ფორმის მახასიათებლები“, — ამბობს პროექტ IceBridge-ის მეცნიერი ნათან კურცი.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ისინი ცხოველური წარმოშობისაა. ამის მაგალითია ბეჭდის მსგავსი ხვრელები ზოგიერთ ზონაში, რომლებითაც სელაპები სარგებლობენ.
შესაძლოა, საქმე აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდეს და ხვრელების გარშემო არსებული წრეები ყინულოვანი წყლიდან ამოსულ სელაპთა ქცევის შედეგად იყოს წარმოქმნილი.
„წრიული მახასიათებლები შეიძლება წარმოქმნილი იყოს ზედაპირზე სელაპების ამოსვლის შედეგად გაჩენილი წყლის ტალღით, რომელიც ყინულისა და თოვლის საფარს გადარეცხავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, შესაძლოა, ისინი ყინულში ხვრელების წარმოქმნის დროს გაჩენილი სადრენაჟო მახასიათებლებია“, — განმარტავს ოკეანოგრაფი და კლიმატის მეცნიერი ვალტ მეიერი.
მაგრამ თუკი ეს ფენომენი სელაპების ან სხვა ცხოველების მიერ არაა გამოწვეული, მკვლევართა აზრით, საქმე უნდა გვქონდეს ამინდის რომელიღაც ბუნებრივ ფენომენთან, რომელიც ჯერ შესწავლილი არ გვაქვს.
„ამ რეგიონში წყალი ზოგადად ძალიან თავთხელია. შესაბამისად, შესაძლოა, ყველაფრის მიზეზი მთებიდან მომდინარე ‘თბილი წყაროები’ იყოს. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ბოფორტის ზღვის დინებების თბილ წყალთან, რომელიც ფსკერთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნის გარკვეული სახის პოლინიებს“, — ამბობს NASA-ს გლაციოლოგი კრის შუმანი.
პოლინიები ზღვის ყინულით გარშემორტყმული ღია წყლებია, რომლებიც ძლიერი ქარის დროს ერთგვარ „ყინულის ფაბრიკები“ ხდებიან და წარმოქმნიან ნორმალურზე ათჯერ მეტი ოდენობის ყინულს. ხშირად მათ შორის არის ყინულის უჩვეულო, თვალწარმტაცი ფორმის წარმონაქმნები.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ დაზუსტებული პასუხი არ აქვთ, კვლევა აქტიურად გრძელდება და ალბათ სულ მალე გაირკვევა, რამ და როგორ წარმოქმნა უცნაური ხვრელები ბოფორტის ზღვის ყინულის საფარზე.
მომზადებულია earthobservatory.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით