საქართველოს რაგბის კავშირს (სრკ) საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ 14 ახალი სარაგბო ბაზა გადაეცა. „შევარდენის“ ბაზაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სპორტის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საქართველოში რაგბის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.
ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და კავშირის სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
„სარაგბო სტადიონები და ბაზები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია, თუმცა პროექტის ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირს ფონდ „ქართუსგან’“ გადაეცა გორში ორი ახალი მოედანი, ქუთაისში – ოთხი, ბათუმში – ორი, ფოთში – ორი, ასპინძაში – ერთი, თელავში – ორი, რუსთავში – ორი, მარტყოფში – ორი, თბილისში კი – რვა მოედანი. ეს მოედნები საშუალოდ 500-იდან 3 000-მდე მაყურებელს დაიტევს. ამგვარი ბაზების არსებობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიურად ითამაშონ რაგბი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ცხადია, ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას“, – აცხადებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.