რადკა ბეთჩევა - მივესალმებით მიღებულ კანონს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და განვითარებას ემსახურება
რადკა ბეთჩევა - მივესალმებით მიღებულ კანონს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და განვითარებას ემსახურება

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან დადებითია და დადებით გავლენას მოახდენს მის ფუნქციონირებაზე, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ პირველ არხს პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

ბეთჩევას თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ღირებული წევრია, რომელმაც, მისი თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„ჩვენ ყურადღებას სამ საკითხზე ვამახვილებდით – ეს იყო შესყიდვების პროცედურა, სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის გამიჯვნის და რეკლამის საკითხი.

ვფიქრობ, კანონმდებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებით გავლენას მოახდენს სამივე საკითხზე, რადგან კანონი სამივე საკითხს მოიცავს, ისევე როგორც რეფორმებს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ღირებული წევრია, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს ჩვენს ანგარიშებშიც არაერთხელ ავსახეთ.

თუ არსებობდა გარკვეული პრობლემური საკითხები, პარლამენტის წევრებმა, ამ კანონპროექტის დამტკიცებით, შეძლეს მათი უკეთესობისკენ შეცვლა. მჯერა, რომ ეს კანონი მართლაც დადებითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაზე.

თავის დროზე ჩვენ შევხვდით საქართველოს პარლემენტის წევრებს და ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკომენდაციები გავეცით. მივესალმებით მიღებულ კანონს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა ბეთჩევამ.

რადკა ბეთჩევას თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების რამდენიმე განსხვავებული მოდელი არსებობს.

„მათი უმეტესობა დაფინანსების შერეული მოდელით მუშაობს, რომელიც სალიცენზიო მოსაკრებელს, რეკლამიდან შემოსულ თანხასა და სხვადასხვა წყაროებიდან დაფინანსებას გულისხმობს, ასევე გაიცემა გრანტები სახელმწიფოს მხრიდან.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოდელია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ევროპის მაუწყებელთა კავშირის არაერთი წევრი ფინანსდება რეკლამით.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე, უმცირესობათა ჯგუფებზე, ბავშვებსა და განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებზე. შესაბამისად, მას სჭირდება დაფინანსება, რაშიც რეკლამა მართლაც მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს“,- განაცხადა რადკა ბეთჩევამ.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.