დავით მათიკაშვილი - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერია
დავით მათიკაშვილი - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე მიღებული გადაწყვეტილებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სულისკვეთება კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერია.

ჟურნალისტებთან საუბარში მათიკაშვილი კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ უკვე არჩეულ ოპოზიციურ დღის წესრიგს არ ღალატობს.

„კონსტიტუციით, როცა პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ აწერს, დოკუმენტზე ხელმოწერა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს. პრეზიდენტის სულისკვეთება კიდევ ერთხელ დასტურდება, რადგან ქვეყანას ისე ევლინება, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, რაც მიუღებელია. ეს გადაწყვეტილება ხელს იმ ჯანსაღ და კარგ რეგულაციებს ვერ შეუშლის, რომელიც კანონპროექტით გათვალისწინებულია. მიღებული კანონპროექტი მედია სივრცის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერა არ არის. ეს მთლიანად მედია სივრცის მხარდაჭერაა. მედია ორგანიზაციების პოზიცია საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პოზიციას არ ემთხვევა, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ ამ კანონმდებლობით დაგეგმილი ცვლილებები თანხვედრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტი “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერას არ აპირებს, რომელსაც თავად ვეტო დაადო. უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გასულ კვირას არ გაიზიარა და ვეტო 86 მომხრე ხმით დაძლია. კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი არ აწერს, ხუთი დღის ვადაში, დოკუმენტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს და საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს.