საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლის შესახებ“ კანონში და „საქართველოს შესყიდვების შესახებ“ კანონში. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტს კანონპროექტი ხელმოსაწერად გადმოეგზავნა. პრეზიდენტმა კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოტივირებული შენიშვნებით კვლავ პარლამენტს დაუბრუნა განსახილველად. ამის შემდეგ, პარლამენტმა იმსჯელა და არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. შემდეგ, კვლავ მიღებული ცვლილებები პრეზიდენტს გადმოეგზავნა ხელმოსაწერად. გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონს ხელს არ მოაწერს. შენიშვნები ეხებოდა კომერციული რეკლამის ნაწილს და სახელმწიფო შესყიდვებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პროცედურის თანახმად, ახლა დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწევს.

რეგლამენტის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.