რადკა ბეთჩევა - კანონში განხორციელებული ცვლილებები ქმნის პოზიტიურ საკანონმდებლო ჩარჩოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის
რადკა ბეთჩევა - კანონში განხორციელებული ცვლილებები ქმნის პოზიტიურ საკანონმდებლო ჩარჩოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და EBU-ს რადიოს ხელმძღვანელი გრაჰამ დიქსონი პირველი არხის მენეჯმენტს და სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, რადკა ბეთჩევამ აღნიშნა, შეხვედრაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნო.

“დღეს ჩვენ შევხვდით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს. გაგვაცნეს ის სიახლეები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელდა, მოგვაწოდეს ინფორმაცია ახალი გადაცემების შესახებ. ჩემი აზრით, პოზიტიური მოვლენაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცეს. ეს ნამდვილად გაუადვილებს საქმეს და დაეხმარება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მიიღოს ხარისხიანი გადაცემები, რომლებიც საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. მიგვაჩნია, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებები ქმნის პოზიტიურ საკანონმდებლო ჩარჩოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის. ჩვენ შევხვდით სამეურვეო საბჭოს წევრებს. როგორც ჩანს, მათ აქვთ განსხვავებული ხედვა, განსხვავებული მოსაზრებები და სამეურვეო საბჭოში განსხვავებული ხმები ისმის. რაც მთავარია, ისინი ყველა მხარს უჭერენ საუკეთესო სტანდარტებს, რაც გულისხმობს გამჭვირვალე და პროფესიონალურ საზოგადოებრივ მედიას”, – განაცხადა რადკა ბედჩევამ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის, აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი დღეს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.