გრაჰამ დიქსონი - შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმ სიახლეების გამო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება
გრაჰამ დიქსონი - შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმ სიახლეების გამო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება

შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმით, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება, ახალი ოფისები და ახალი ტექნოლოგიები, სიმბოლურად ასახავს აქ მიმდინარე განვითარების პროცესს, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოს ხელმძღვანელმა გრაჰამ დიქსონმა განაცხადა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და EBU-ს რადიოს ხელმძღვანელი გრაჰამ დიქსონი პირველი არხის მენეჯმენტს და სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

როგორც გრაჰამ დიქსონმა აღნიშნა, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა გადაცემებმა “ფერმა” და “წიგნების თარო”.

“შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმით რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება, ახალი ოფისები და ახალი ტექნოლოგიები, სიმბოლურად ასახავს აქ მიმდინარე განვითარების პროცესს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ოფისებზე, ეს არ არის მხოლოდ კომპიუტერები, არამედ საუბარია ახალ გადაცემებზე, რომლებიც თქვენ უკვე დაიწყეთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა ორმა გადაცემამ – ერთ-ერთი არის „ფერმა“. ეს გადაცემა უღებს კარს არა მხოლოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ უფრო ფართო წრეს. იგივე ეხება „წიგნების თაროს“. ამ გადაცემაში ხდება წიგნების შესახებ მსჯელობა და ეს აღარ არის მხოლოდ ელიტის კუთვნილება. სწორედ ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი  უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ მომავალ კვირას რადიოში თქვენ გაუშვებთ  გადაცემებს უმცირესობებისთვის. სხვადასხვა ადამიანებისთვის მიკროფონის დათმობა, სხვადასხვა აზრის მოსმენა, ეს არის საზოგადოებრივი რადიოს მთავარი ფუნქცია”, – განაცხადა გრაჰამ დიქსონმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის, აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი დღეს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.