რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ხანძრის ოთხი კერაა დარჩენილი. მათგან სამი ლოკალიზებულია.
„ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ხანძრის ოთხი კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.
ასევე, ლოკალიზებულია ხანძარი შიდა ქართლშიც. კასპში, რკონის ხეობაში წყლის მაგისტრალები მიყვანილია ხანძრის კერებამდე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული კერების მონიტორინგი, აქტიური სამუშაოები კი გათენებისთანავე განახლდება.
მოსახლეობას საფრთხე, არც ერთ კერაზე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია, ოთხი – ლოკალიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.