რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი - სოფელ აბარში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე იკლო დაკვამლიანებამ.
„ღია კერები ადგილზე აღარ არის და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ხმელ ფოთოლს მხოლოდ რამდენიმე ადგილზე უკიდია. დაკვამლიანებამ იკლო, ადგილზე კვლავ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები ადგილობრივებთან ერთად და დღის ბოლომდე ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყემდე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.