რაც მეტი ადამიანი დახედავს დედამიწას კოსმოსიდან, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება - კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“
კომპანია „ვირჯინ გალაქტიკს“ სურს, მსოფლიო უკეთესი გახადოს, რისთვისაც მას აუცილებლად მიაჩნია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იხილოს დედამიწა კოსმოსიდან.
კომპანიის წარმომადგენლებს ღრმად სჯერათ ე. წ. გადმოხედვის ეფექტის. ეს გახლავთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, დედამიწის ხილვა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, სამუდამოდ შეცვლის ადამიანთა წარმოდგენას მშობლიურ პლანეტასთან დაკავშირებით, უფრო ნათლად დაანახებს სიცოცხლის ერთადერთ ნავსაყუდელს უკიდეგანო სივრცეში.
როგორც ნასას მრავალი ასტრონავტი წლების განმავლობაში შენიშნავს, ამ ხედს შეუძლია ადამიანები ჩააფიქროს პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და გამაერთიანებელი ძალა აღმოჩნდეს კაცობრიობისთვის, თითოეულ ჩვენგანს შეახსენოს, რომ საზღვრები, რომლებიც მათ ყოფთ, უბრალოდ პირობითადაა გავლებული.
„რაც უფრო მეტი ადამიანი დახედავს დედამიწას ზემოდან, უფრო მეტი ცვლილება მოხდება პლანეტაზე. კოსმოსს თან ჩამოიტანთ, სახლში და შესაძლებლობა გექნებათ, ეს ხედი უფრო მეტ ადამიანს გადასცეთ; ვფიქრობ, სწორედ ესაა მომავალი“, — ამბობს „ვირჯინ გალაქტიკის“ პრეზიდენტი მაიკ მოსესი.
გასული წლის 13 დეკემბერს, „ვირჯინ გალაქტიკმა“ საკუთარი უახლესი ხომალდით, „სპეის შიფ თუ“, პირველი სატესტო, პილოტირებული სუბორბიტული ფრენა განახორციელა.
ბორტზე ორი ასტრონავტი იმყოფებოდა. ეს გახლდათ პირველი პილოტირებული ფრენა აშშ-ის მიწიდან 2011 წლის შემდეგ, რაც ნასამ კოსმოსური შატლის ფლოტი ხმარებიდან ამოიღო. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ კომერციული ასტრონავტების ტიტული მიანიჭა.
ექვსმგზავრიანი „სპეის შიფ თუ“ შექმნილია კომერციული მომხმარებლებისა და სამეცნიერო ტვირთების სუბორბიტულ კოსმოსში გასაყვანად. ფრთებიანი ხომალდი ჰაერში აჰყავს მოდიფიცირებულ თვითმფრინავს სახელად „ვაით ნაით თუ“, რომელიც 15 000 მეტრ სიმაღლეზე ადის. ამის შემდეგ აქტიურდება „სპეის შიფ თუს“ ბორტზე არსებული ძრავი, რომელსაც ხომალდი დანიშნულების საბოლოო ადგილამდე გაჰყავს.
„სპეის შიფ თუ“-თი მგზავრობა ამჟამად 250 000 აშშ დოლარი ღირს. „ვირჯინ გალაქტიკის“ წარმომადგენლის თქმით, ადგილები უკვე დაჯავშნილი აქვს 600-ზე მეტ ადამიანს. თუმცა, კომპანიას სურს, მათი სერვისი უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ამბიცია არც თუ ისე მიუწვდომელია.
„ჩვენი მიზანია კოსმოსი ყველასათვის გავხსნათ და ყველას მივცეთ დედამიწის მაღლიდან დახედვის შანსი“, — ამბობს „ვირჯინ გალაქტიკის“ ხელმძღვანელი.
როგორ განვითარდება მოვლენები, ალბათ მალე ვიხილავთ. „ვირჯინ გალაქტიკის“ დამფუძნებლის, რიჩარდ ბრენსონის განცხადებით, „სპეის შიფ თუს“ კომერციული ფრენები 2019 წლის შუაში დაიწყება. ბრენსონის თქმით, პირველი კომერციული რეისის მგზავრი თავადაც იქნება.
სუბორბიტული ტურიზმის ბიზნესში „ვირჯინ გალაქტიკი“ ერთადერთი კომპანია არ არის. „ამაზონის“ მფლობელის, ჯეფ ბეზოსის კომპანია „ბლუ ორიჯინი“ ამჟამად მუშაობს რაკეტა-კაფსულაზე, რომელიც ადამიანებს სუბორბიტულ კოსმოსში გაიყვანს და უკან, დედამიწაზე დააბრუნებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.