რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენი ძაღლისთვის ყვირილსა და დასჯას — ახალი კვლევა
თქვენი ძაღლი შეიძლება თქვენს თვალში მთელი დედამიწა იყოს, მაგრამ მოდი, ვიყოთ გულწრფელი — ის ცხოველია საკუთარი ინსტინქტებითა და ქცევებით და არის მომენტები, როცა ის უკიდურესად გაბრაზებთ.
როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ასეთი დროს მას არასოდეს უნდა უყვიროთ და არც დასაჯოთ.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, აგრესიულ წვრთნას, მაგალითად დასჯას და იძულებას შეიძლება, გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტები ჰქონდეს თქვენი ძაღლის მენტალურ მდგომარეობაზე.
როგორც მკვლევრები წერენ, შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიონი ძაღლების აგრესიული მეთოდებით წვრთნას მის უფრო ცუდ მდგომარეობამდე მივყავართ, ვიდრე ჯილდოზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მკვლევართა განცხადებით, ძაღლებს, რომლებსაც სპეციალურ სკოლებში წვრთნიდნენ აგრესიული მეთოდებით, რა დროსაც ძაღლს ზიზღს აგრძნობინებთ, წვრთნის დროს ავლენდნენ სტრესულ ქცევებსა და სხეულის პოზებს, წვრთნის შემდეგ კი აღენიშნებოდათ ჰორმონ კორტიზოლის მაღალი დონე და გაცილებით „პესიმისტური“ იყვნენ შემეცნებასთან დაკავშირებული დავალების თავის გართმევისას.
მსგავსი კვლევა ადრეც ჩატარებულა, აგრესიული მეთოდებით წვრთნის უარყოფითი ეფექტები მაშინაც დადგინდა, მაგრამ მაშინ კვლევები ძირითადად პოლიციის და ლაბორატორიის ძაღლებს ეხებოდა. გარდა ამისა, აგრესიული მეთოდები შოკური იყო საყელოზე მიჩვევისთვის წვრთნისას.
ამჯერად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იგივე კვლევის ჩატარება კომპანიონ ძაღლებიზე გადაწყვიტა. კვლევას პორტუგალიის ქალაქ პორტუს უნივერსიტეტის ბიოლოგი ანა კატარინა ვიეირა დი კასტრუ ხელმძღვანელობდა.
ცხოველები პორტუს რამდენიმე საწვრთნელი ცენტრიდან მოიყვანეს. მათ შორის, 42 ძაღლი იმ სკოლებიდან, სადაც იყენებდნენ ჯილდოზე დაფუძნებულ მეთოდებს (ჯილდოს ძირითადად წარმოადგენდა საკვები და თამაში); 50 ძაღლი კი მოიყვანეს ცენტრებიდან, სადაც აგრესიაზე დაფუძნებულ მეთოდებს იყენებდნენ, მათ შორის არის ყვირილი, ძაღლზე ფიზიკური მანიპულირება და თოკით მოქაჩვა.
თითოუელ ძაღლს ვიდეოს უღებდნენ წვრთნის სამი სესიის პირველი 15 წუთის განმავლობაში. Გარდა ამისა, ტრენინგით მიყენებული სტრესის დონის დასადგენად, აიღეს ნერწყვის ნიმუშებიც. სტრესის ჰორმონ კორტიზოლის საბაზისო მაჩვენებლის დასადგენად, 3-3 ნიმუში აიღეს სახლში მოსვენებული ძაღლებისგან, 3-3 კი თითოეული ძაღლისგან წვრთნის შემდეგ.
მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს ტრენინგის დროს ძაღლების ქცევა, რათა ეპოვათ სტრესული ქცევები, მაგალითად, მთქნარება, ტუჩების ლოკვა, თათების აწევა და წკავწკავი.
მკვლევრებს სულაც არ გაკვირვებიათ, როცა აღმოჩნდა, რომ აგრესიული წვრთნის კლასში მყოფ ძაღლებს აღენიშნათ სტრესის მომატებული დონე, განსაკუთრებით მთქნარება და ტუჩების ლოკვა. სახლში მოსვენებულ ძაღლებთან შედარებით, მათ ნერწყვში ასევე მომატებული იყო სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონე.
იმ ძაღლებს კი, რომლებზეც პოზიტიურ წვრთნის მეთოდებს იყენებდნენ, აღენიშნებოდათ საკმაო სიმშვიდე, გაცილებით ნაკლები სტრესული ქცევები და კორტიზოლის ნორმალური დონე.
შემდეგი ნაბიჯი იყო ამ სტრესის გრძელვადიანი ეფექტების დადგენა. წვრთნების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, 79 მათგანი გაწვრთნეს მეთოდით, რომელიც იყენებდა ოთახის მეორე მხარეს დადგმულ სოსისებით სავსე ჯამს. ოთახის ერთ მხარეს ჯამი ყოველთვის სოსისებით იყო სავსე, მეორე მხარეს გადადგმისას კი აცარიელებდნენ. Ჯამს კარგად რეცხავდნენ, რათა მას სოსისის სუნი არ შერჩენოდა.
ამის შემდეგ, მკვლევრები ჯამებს ოთახის სხვადასხვა ნაწილში აადგილებდნენ, რათა ენახათ, რამდენად სწრაფად მოძებნიდა ძაღლი ჯილდოს (საკვებს). მაღალი სისწრაფე ნიშნავდა იმას, რომ ძაღლი ელოდებოდა გემრიელი საკვებით პირის ჩატკბარუნებას, დაბალი სიჩქარე კი იმას, რომ ძაღლი უფრო პესიმისტურად იყო განწყობილი ჯამის შემცველობასთან მიმართებაში.
გაირკვა, რომ უფრო აგრესიული მეთოდებით გაწვრთნილი ძაღლები ჯამს ნელა პოულობდნენ, ჯილდოზე დაფუძნებული მეთოდით გაწვრთნილი ძაღლები კი ჯამის ადგილმდებარეობას გაცილებით სწრაფად ადგენდნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჯილდოზე დაფუძნებული წვრთნა სავარაუდოდ გაცილებით ეფექტიანია. თუმცა, მკვლევრები მიუთითებენ იმასაც, რომ ამის მიზეზი შეიძლება ის ყოფილიყო, რომ ძაღლებმა უკვე კარგად იცოდნენ ჯილდოზე დაფუძნებული წვრთნის მეთოდები. მათი განცხადებით, ამის გარკვევა დამატებით კვლევებს საჭიროებს.
საერთო ჯამში, მტკიცე დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მათმა კვლევამ აჩვენა თუნდაც ის ფაქტი, რომ ძაღლის აგრესიული მეთოდებით წვრთნა რისკს შეიცავს.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.