რა პრინციპით იმუშავებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კვოტების განსაზღვრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოუწევს.
რეგლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის პროცედურა დეტალურად არის გაწერილი. რეგლამენტის მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.
რეგლამენტით, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისთვის განსაზღვრული წესით.
რაც შეეხება კომისიის ანგარიშვალდებულებასა და მისი საქმიანობის სპეციფიკას, რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადას კი, პარლამენტი განსაზღვრავს. კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არა უმეტეს სამი თვის ვადით, თუმცა ვადის თითო თვით გაგრძელება შესაძლებელია, კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა კი, 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
რეგლამენტში ნათქვამია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
ამასთან, კანონმდებლობით, დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობით მოითხოვოს და საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.
რეგლამენტით, გამომძიებელი ვალდებულია, დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის სისხლის სამართლის საქმისა და მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, რეგლამენტით განსაზღვრულია არასრულწლოვნისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცედურაც და ნათქვამია, რომ არასრულწლოვანის დაკითხვას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. კერძოდ, რეგლამენტით, 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
რაც შეეხება კომისიის მიერ ამა თუ იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის დასმის საკითხს, რეგლამენტით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.