გიფიქრიათ ოდესმე, როგორი იქნებოდა მსოფლიო, უცბად ყველა რომ გავქრეთ?
რა მოუვა ჩვენს ნივთებს? რა დაემართება ჩვენს სახლებს, სკოლებს, უბნებს, ქალაქებს?
ვინ გამოკვებავს ძაღლებს? ვინ გათიბავს ბალახს? მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სცენარს ხშირად ნახავთ ფილმებში, სატელევიზიო შოუებსა და წიგნებში, კაცობრიობის დასასრულის წარმოდგენა მაინც უცნაური რამ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის ასოცირებული პროფესორი კარლტონ ბასმაჯიანი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. სტატია ამ წერილზე დაყრდნობით მოვამზადეთ.
ზედმეტი სიჩუმე
თუ მსოფლიოში ადამიანები გაქრებიან და დედამიწაზე ერთი წლის შემდეგ დაბრუნდებით, რათა ნახოთ, რა ხდება, პირველ ცვლილებას თქვენი ყურები შენიშნავს და არა თვალები.
მსოფლიო დადუმებული იქნება. მიხვდებით, რამდენ ხმაურს წარმოქმნიან ადამიანები. ხმაურიანია შენობები, მანქანები, ცა. შეწყდება ყველა ეს ხმაური.
შენიშნავ ამინდს. ადამიანების გარეშე ერთი წლის შემდეგ, ცა უფრო ცისფერი გახდება, ჰაერი გამჭვირვალე. ქარი და წვიმა დედამიწის ზედაპირს გაასუფთავებს; გაქრება ადამიანების წარმოქმნილი ყოველგვარი სმოგი და მტვერი.
ტკბილი სახლი
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ერთი წელი არავინ ყოფილა.
შედით შიგნით, მაგრამ იმედია, არ გწყურიათ, რადგან ონკანიდან წყალი აღარ მოედინება. წყლის სისტემები მუდმივად ტუმბვას საჭიროებს და შესაბამისად, თუ წყალმომარაგების სისტემაში აღარავინ მუშაობს, სახლებში წყალიც აღარ იქნება.
თუმცა, წყალი, რომელიც მილებში იყო, როცა ყველა გაქრა, პირველი ზამთრის დადგომისას კვლავ იქ იქნება. ყინვისას ის გაიყინებოდა და მილებსაც დახეთქავდა.
არ იქნება ელექტროენერგია. ელექტროსადგურები მუშაობას შეწყვეტდნენ, რადგან აღარავინ იქნებოდა მათი მომვლელი და მომმარაგებელი. ამიტომ, თქვენს სახლში ებნელება, არ იქნება სინათლე, ტელევიზორი, ტელეფონები ან კომპიუტერები.
სახლში ბევრი მტვერი იქნება. სინამდვილეში, მტვერი ჰაერში მუდამ არის, მაგრამ ჰაერის კონდიცირების სისტემებისა და გამათბობლების გამო, ხშირად ვერ ვამჩნევთ. როდესაც ოთახებში შეხვალთ, მოძრაობისას იქაურობა ამტვერდება, მაგრამ მალე კვლავ ზედაპირებზე დაილექება.
ეზოში დიდი ბალახი იქნება, იქამდე გაზრდილი, ვიდრე ამის საშუალებას ბუნება აძლევს. ყველგან შენიშნავთ ახალ ბალახს, რომელიც იქამდე ეზოში არასოდეს გინახავთ.
ამოსული იქნება ხიდან ჩამოცვენილი თესლებიც, რადგან იქ არავინ იყო, რომ ისინი მოეგლიჯა.
გარშემო ძალიან ბევრ მწერს შენიშნავთ. გახსოვდეთ, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მწერების მოსაშორებლად. ჰაერსა და მიწაზე ასხამენ სპეციალურ სპრეებს. ფანჯრებში ბადეებს აბამენ. თუ ესეც არ შველის, დასდევენ და სრესენ.
თუ ადამიანები ამ ყველაფერს შეწყვეტენ, მწერები დაბრუნდებიან და სრულიად თავისუფლად ინავარდებენ სადაც სურთ.
ქუჩები
თქვენს უბანში მრავალი სხვადასხვა არსება ისეირნებს.
ჯერ პატარები გამოჩნდებიან: თაგვები, ვირთხები, ენოტები, მელიები და ა. შ.
შემდეგ მოვლენ დიდი ცხოველები — მგლები, ირმები, დათვები. ოღონდ არა პირველივე წელს, თანდათან.
ნათურების გარეშე, დაბრუნდება ბუნებრივი რიტმი. სინათლის ერთადერთი წყარო მზე, მთვარე და ვარსკვლავები იქნება. ღამის ცხოველები თავს ზედმეტად კარგად იგრძნობენ.
ხშირად გაჩნდება ხანძარი. ხეებზე, მინდვრებში ან შენობებზე მეხის დაცემამ შეიძლება ცეცხლი გააჩინოს. ჩამქრობი არავინ იქნება და ცეცხლი იქამდე იქნება, ვიდრე ყველაფერს გადაბუგავს.
ქალაქის გარშემო
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ბეტონი — გზები, ხიდები და შენობები დაახლოებით იმავენაირი იქნება.
ათი წლის შემდეგ მათ ნაპრალები გაუჩნდება, რომლებშიც პატარა მცენარეები ამოვა. თანდათანობით გზები ისე დასკდება, რომ დამსხვრეულ მინას დაემსგავსება, ხეებიც კი ამოვა.
თანდათან დაჟანგდება ლითონის ბოძების მქონე ხიდები. დაჟანგდება მათი დამჭერი ჭანჭიკები და სხივებიც. თუმცა, საუკუნეებს გაუძლებს ბეტონის დიდი ხიდები, სახელმწიფოთშორისი ბეტონის ავტომაგისტრალები.
დაიშლება მდინარეებზე აგებული კაშხლები და დამბები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ბუნებას დაუბრუნდება. გაქრობას დაიწყებს მცენარეები, რომლებსაც ვჭამთ. აღარსად იქნება ამდენი სიმინდი, კარტოფილი ან პომიდორი.
ფერმის ცხოველები მტაცებლების მარტივ მსხვერპლად იქცევიან. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს? კატები გაგარეულდებიან, ბევრი მათგანი დიდ ცხოველთა მსხვერპლი გახდება. ვერ გადარჩება ძაღლების უდიდესი ნაწილი.
ძველი რომის მსგავსი
ათასი წლის შემდეგ, სამყარო, რომელიც თქვენ გახსოვთ, ბუნდოვნად, მაგრამ ჯერ კიდევ ამოცნობადი იქნება. ზოგიერთი რამ შემორჩება. ეს იმ მასალის ხარისხზეა დამოკიდებული, რისგანაც ისინია დამზადებული, ასევე კლიმატზე ან უბრალოდ იღბალზე.
კორპუსები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები კვლავ იდგება დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლოდ. რომის იმპერია 1500 წელიწადზე დიდი ხნის წინ დაეცა, მაგრამ მათ ზოგიერთ ნაშთს დღემდე ვხედავთ.
სხვა თუ არაფერი, ადამიანების უცაბედად გაქრობა გამოაჩენდა, როგორ გავუფრთხილდეთ დედამიწას.
ასევე გამოჩნდებოდა, რომ მსოფლიო, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ გარეშე ვერ იარსებებდა და ვერც ჩვენ გადავრჩებით, თუ მას არ გავუფრთხილდით.
შესანარჩუნებლად, ცივილიზაცია, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, მუდმივ მოვლას მოითხოვს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.