რა მოხდა 1959 წელს დიატლოვის უღელტეხილზე — ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრაგიკულ ინციდენტს ახალი მეცნიერული ახსნა აქვს #1tvმეცნიერება
რა მოხდა 1959 წელს დიატლოვის უღელტეხილზე — ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრაგიკულ ინციდენტს ახალი მეცნიერული ახსნა აქვს #1tvმეცნიერება

რუსეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ტრაგიკული საიდუმლო შეიძლება საბოლოოდ ამოიხსნას; მეცნიერები ამბობენ, რომ უკვე აქვთ დამაჯერებელი ახსნა იმისა, რას უნდა გამოეწვია ცხრა მთამსვლელის სიკვდილი 1959 წლის საბედისწერო ექსპედიციისას.

ამ საზარელმა ინციდენტმა, რომელსაც დიატლოვის უღელტეხილის ინციდენტს უწოდებენ, მრავალ კონსპირაციულ თეორიას დაუდო საფუძველი; მომხდარის ასახსნელად, ენთუზიასტები ყველაზე უცნაურ სცენარებსაც კი განიხილავდნენ. მათ შორის, თოვლის კაცისა თუ უცხოპლანეტელთა თავდასხმას, საბჭოთა სუპერიარაღების ექსპერიმენტებს და ა.შ.

2013 წელს ამ მოვლენაზე გადაღებულ მხატვრულ ფილმში კი ამბავი მუტანტების ტელეპორტაციას დაუკავშირეს. მოკლედ, ეს ამბავი ბევრისთვის სრულ საიდუმლოებასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, მეცნიერებისთვის ეს ტრაგედია უფრო რაღაც სხვანაირია, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები საზარელი და უცნაურია. როგორ დაიღუპა უცბად, ერთ ღამეში ცხრა გამოცდილი ჰაიკერი და მოთხილამურე ურალის მთების ჩრდილოეთში?

მას შემდეგ, რაც ჯგუფი დანიშნულების ადგილზე თავის დროზე არ მივიდა, მათ მოსაძებნად სამაშველო ჯგუფი გაუშვეს. ხოლატჩახლის მთის (ადგილობრივ მანსის ენაზე ნიშნავს მკვდარ მთას) კალთაზე მაშველებმა მათი კარავი აღმოაჩინეს.

კარავი შიგნიდან იყო გამოჭრილი, ისე, თითქოს შიგნით მყოფები ღამით იქიდან გასაქცევად გამოცვივდნენ.

„შუაღამის შემდეგ, იქ რაღაც მოულოდნელი მოხდა, რამაც ექსპედიციის წევრებს უცბად კარვის შიგნიდან გამოჭრა და ტყისკენ გაქცევა აიძულა, კილომეტრზე მეტ მანძილზე, მთის კალთის დაღმართზე, შესაფერისი ტანსაცმლის გარეშე, უკიდურეს სიცივეში (-25°C), თანაც მაშინ, როდესაც უღელტეხილზე არქტიკული ცივი, დაღმა მიმავალი ქარი ქროდა“, — განმარტავენ მეცნიერები ახალ კვლევაში, რომელსაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის თოვლის მექანიკის მეცნიერი იოჰან გომი ხელმძღვანელობდა.

ცხედრების ნაწილი მეორე დღეს, ნაწილიც რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგ აღმოაჩინეს.

„სიკვდილის ძირითად მიზეზად ჰიპოთერმია (სხეულის გადაცივება) განისაზღვრა, მაგრამ ოთხ ჰაიკერს გულმკერდისა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ორს თვალები აღარ ჰქონდა, ერთს კი ენა; ზოგიერთი მათგანი თითქმის შიშველი იყო, არც ფეხზე ეცვათ“, — წერს გომი და კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ალექსანდერ პუზრინი.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის შესახებ მრავალი უცნაური ვარაუდი წარმოიშვა, ყველაზე საფუძვლიანი ახსნების მიხედვით, მთამსვლელთა სიკვდილის ძირითადი ფაქტორი მთის კალთაზე წარმოქმნილი ზვავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მძინარე, მოუმზადებელ ჰაიკერებს კარვის უცბად, შიგნიდან გამოჭრა და გაქცევა აიძულა, საბოლოოდ კი ისინი სიცივემ და სიბნელეში მიღებულმა მძიმე დაზიანებებმა იმსხვერპლა.

მიუხედავად ამისა, მოვლენის უჩვეულო გარემოებათა გამო, ამ ყველაზე აშკარა მიზეზებს ბევრი უარყოფდა; საქმე ის არის, რომ მთის კალთა შედარებით მცირედ თოვლიანია, არ არსებობდა ღამით მომხდარი ზვავის მტკიცებულება და ზოგიერთ დაშავებულს აღენიშნებოდა ისეთი დაზიანებები, რომლებიც როგორც წესი, ზვავში მოყოლილებს არ აღენიშნებათ.

ასეთ გაურკვევლობათა გამო, თავდაპირველმა საბჭოთა გამოძიებამ უბრალოდ დაასკვნა, რომ სიკვდილი გამოიწვია „გადაულახავმა ბუნებრივმა ძალამ“. ათწლეულების შემდეგ, რუსეთის მიერ ტრაგედიის ირგვლივ ჩატარებულ ახალ გამოძიებაში აღნიშნული იყო, რომ ინციდენტის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ზვავია.

ამჯერად, ამავე დასკვნამდე მივიდა გომისა და პუზრინის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მათ უკვე აქვთ ახალი სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ზვავი.

ჯგუფის მიერ ჩატარებული მოდელირება მიუთითებს, რომ ხოლატჩახლის მთის ნაკლებად თოვლიანობა არ გამორიცხავს ზვავის გამოწვევას იმ მომენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ჰაიკერებმა თოვლი ამოჭრეს, რათა ქარისგან ბუნებრივი დამცავი შეექმნათ.

„მათ რომ კალთაზე თოვლი არ ამოეჭრათ, არაფერიც არ მოხდებოდა. სწორედ ეს იყო თავდაპირველი სასხლეტი მექანიზმი, მაგრამ მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. თავქვე მქროლი ქარი სავარაუდოდ თოვლსაც ხვეტდა და ნელ-ნელა ის ჭარბი რაოდენობით დააგროვა. გარკვეულ წერტილში უნდა წარმოქმნილიყო და შემდეგ გაზრდილიყო ნაპრალი, რასაც თოვლის მოზრდილი ფილის მოწყვეტა უნდა მოჰყოლოდა“, — ამბობს პუზრინი.

ჯგუფის მიერ ჩატარებული სხვა სიმულაციები ცდილობდა გაერკვია, რა უნდა ექნა თოვლის ფილას თხილამურებზე მწოლიარე ადამიანებისთვის. ჰაიკერებისთვის ზოგიერთი დაზიანება შეიძლება მიეყენებინა მათ წინააღმდეგ მიმართულ ზემოქმედების ძალას, რომელიც თოვლის მძიმე ტალღასა და მყარ თხილამურებს შორის ჩაიხშო.

რა თქმა უნდა, დიატლოვის უღელტეხილის ინციდენტის შესახებ რჩება რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში არ გადაჭრილა.

და რა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ ეს ტრაგიკული საიდუმლო, რომელიც უკვე გახდა რუსული ფოლკლორის ნაწილი, ძალას დაკარგავს და საფუძველს აღარ დაუდებს ახალ, ფანტაზიით სავსე ინტერპრეტაციებსა და მითებს.

მიუხედავად ამისა, ზვავის მეცნიერული თეორია გონივრულია და როგორც მკვლევრები ამბობენ, ახლა უკვე გვაქვს მოდელირება, რომელიც აჩვენებს, რომ „გადაულახავი ბუნებრივი ძალა“ მართლაც რეალური ახსნაა.

„რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ რეალურად არავინ იცის, რა მოხდა იმ ღამით. თუმცა, ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ ძლიერი, რაოდენობრივი მტკიცებულება იმისა, რომ ზვავის თეორია დამაჯერებელია“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ალექსანდერ პუზრინი.

კვლევა ჟურნალ Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.