ლოხ-ნესის ურჩხულის საიდუმლოს ფარდა მალე აეხდება - მეცნიერები ტბის შესწავლას იწყებენ
ლოხ-ნესის ურჩხულის საიდუმლოს ფარდა მალე აეხდება - მეცნიერები ტბის შესწავლას იწყებენ

ზოგიერთის აზრით, ის პრეისტორიული გადმონაშთია. ზოგს სჯერა, რომ გიგანტური ზუთხია. ზოგიც ფიქრობს, რომ ის უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია.

ლეგენდა ლოხ-ნესის ტბის ურჩხულის შესახებ, ჯერ კიდევ ევროპის „ბნელი ხანიდან“ არსებობს, მაგრამ რამდენიმე სადავო ფოტოსა და ულტრახმოვანი ლოკატორის მონაცემების გარდა, ამ მითიური ქმნილების რეალური არსებობის მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს.

უკვე ათას წელიწადზე მეტია, ადამიანებს ამ საიდუმლოს ამოხსნა სურთ. როგორც ჩანს, საბოლოო პასუხამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩება.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედიან მკვლევრები გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და საფრანგეთიდან, გეგმავენ თავად ჩავიდნენ შოტლანდიის ყველაზე იდუმალი, მტკნარი ტბის სიღრმეებში.

ისინი იმედოვნებენ, რომ გარემოს დნმ-ის (eDNA) მონაცემების აღების გზით, ლოხ-ნესის ტბის ყოველ ბინადარს აღნუსხავენ. ამის შემდეგ, eDNA მონაცემების შედეგებს ისინი შოტლანდიის მთიანეთის სხვა ლოხების (ტბები) შედეგებს შეადარებენ.

ეს უახლესი ტექნოლოგია ბრწყინვალედ მუშაობს.

„როდესაც რაიმე ქმნილება გარემოში მოძრაობს, გზადაგზა იგი კანის, ბუმბულების, ბეწვის, სახისა და შარდის დნმ-ის ციცქნა ფრაგმენტებს ტოვებს“, — ამბობს კვლევის ავტორი ნილ გემელი.

მისი თქმით, შესაძლებელია ამ დნმ-ის დაჭერა და სეკვენსირება, რათა შემდეგ მოხდეს თავად ქმნილების იდენტიფიცირება. ამისათვის, მეცნიერები ნიმუშებს ადარებენ მონაცემთა უზარმაზარ ბაზას, რომელშიც 100 000 სხვადასხვა ორგანიზმის გენეტიკური სეკვენსირების შედეგებია შესული.

მიჩნეულია, რომ ლოხ-ნესის მონსტრი, რომელსაც ნესის უწოდებენ, არის გრძელკისერა არსება ერთი ან ორი კუზით და წააგავს პრეისტორიული ხანის პლეზიოზავრებს.

თუკი ასეთი მონსტრი რეალურად არსებობს, თეორიულად, იგი წყალში გარკვეულ კვალს უნდა ტოვებდეს, თუნდაც დნმ-ის სახით.

ოტაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსის, პროფესორ გემელის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ მისი ჯგუფი წყლის ასე დიდი რეპტილიის დნმ-ის მტკიცებულებას იპოვის.

მიუხედავად ამისა, როგორც ნამდვილი მეცნიერი, ის მაინც არაფერს გამორიცხავს:

„ამ მითიური მონსტრის შესაძლო ახსნებს შორის არის ისეთი დიდი თევზები, როგორებიცაა ლოქო და ზუთხი. ჩვენ ყველა ვარიანტი უნდა შევამოწმოთ“.

კვლევის ფარგლებში, ლოხ-ნესის ტბის ეკოსისტემის სრული აღწერა მოხდება.

მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ წყალში მრავალ ახალ სახეობას აღმოაჩენს, განსაკუთრებით ბაქტერიებს.

გარდა ამისა, მოხდება ინვაზიური (შემოჭრილი) სახეობების შესწავლაც, მაგალითად, გამოიკვლევენ წყნაროკეანურ ვარდისფერ ორაგულს, რომელმაც ლოხ-ნესის ეკოსისტემა საგრძნობლად დააზიანა.

თუკი მონსტრი ნესი მართლაც არსებობს, ეჭვგარეშეა, რომ ის დიდხანს ვეღარ დაგვემალება.

მომზადებულია New Zealand Herald-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით