დღეს, პირველად 2011 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც კოსმოსური შატლის პროგრამა დაიხურა, ნასას ასტრონავტები ამერიკის მიწიდან ამერიკული რაკეტით გაემგზავრებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ორ ასტრონავტს კოსმოსში ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა Crew Dragon-ით წაიყვანს. კაფსულის გამოყოფის შემდეგ, რაკეტა „ფალკონ 9“ კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ტივტივაზე დაჯდება.
გაშვება დღეს, 30 მაისს, ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან, თბილისის დროით 23:22 საათზე მოხდება. პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს ნასას ტელევიზია.
27 მაისს, გაშვების პირველი მცდელობა 15 წუთით ადრე, უამინდობის გამო გაუქმდა. „სფეის იქსის“ გაშვების ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ არსებობდა ჭექა-ქუხილისა და სხვა საფრთხეების რისკი.
სინოპტიკოსების განცხადებით, დაგეგმილიდან 10 წუთის შემდეგ ამინდი ხელსაყრელი იქნებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ კაფსულა შესაბამის დროს მისულიყო კოსმოსურ სადგურთან, გასაშვებად ნებისმიერი სხვა დრო არახელსაყრელი იყო.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს
არც ისე იმედისმომცემი. ამინდის პროგნოზის მიხედვით, გაშვების ადგილზე ხელსაყრელი ამინდის შანსი 50 პროცენტია. შემდეგი შესაძლებლობაა 31 მაისი, კარგი ამინდის 60-პროცენტიანი შანსით.
ცუდ ამინდში გაშვება შეიძლება რაკეტისთვის კატასტროფით დასრულდეს. გაშვების წინ, აშშ-ის კოსმოსური ძალების 10 მეტეოროლოგი დეტალურად დააკვირდება ამინდის წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. თუ ამინდი ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, „სფეის იქსის“ გაშვების დირექტორი გაშვებას გააჩერებს.
გარდა ამისა, გაშვება ზუსტ მომენტში უნდა მოხდეს, რათა Crew Dragon-ი კოსმოსურ სადგურს შეხვდეს. ეკიპაჟის უსაფრთხოებისთვის, მხედველობაში მიიღება ოკეანის სანაპირო ზოლის ამინდიც, რადგან რაიმე პრობლემისა და გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში, კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები სხედან, ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ტივტივაზე უნდა დაეშვას.
ვინ მიფრინავს?
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დღეს გაემგზავრება ორი ასტრონავტი — რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, რომლებიც ნასას ასტრონავტები 2000 წლიდან არიან.
ორივე მათგანს აქვს სამხედრო ტესტირების პილოტის გამოცდილება, ორჯერ აქვთ ნაფრენი კოსმოსური შატლის მისიებში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი კოსმოსში ერთად მიფრინავენ. დაგლას ჰარლი კოსმოსური შატლის უკანასკნელი მისიის პილოტი იყო 2011 წელს.
2015 წელს სწორედ ისინი შეარჩიეს ასტრონავტებს შორის „ბოინგთან“ და „სფეის იქსთან“ კომერციული კოსმოსური ხომალდზე მუშაობაში თანამშრომლობისთვის. 2018 წელს კი გადაწყდა, რომ „სფეის იქსის“ ხომალდით პირველად ისინი გაემგზავრებოდნენ.
რით გაფრინდებიან?
„სფეის იქსს“ ადამიანები კოსმოსში ჯერ არასოდეს წაუყვანია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ისინი კაფსულა Crew Dragon-ით გაემგზავრებიან, რომელიც წარმოადგენს კაფსულა Dragon-ის განახლებულ ვერსიას; კოსმოსურ სადგურზე ამ ამ კაფსულას არაერთგზის აუტანია ტვირთი, მაგრამ ადამიანები ჯერ არასდროს აუყვანია.
Crew Dragon-ს შვიდი ადამიანის ადგილი აქვს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ოთხი ადგილია გათვლილი ნასას მისიებზე. თუ ეს გაშვება წარმატებული აღმოჩნდა, წლის ბოლოს კოსმოსურ სადგურზე ის ოთხ ასტრონავტს წაიყვანს.
როდის მივლენ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან?
Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, 31 მაისს, თბილისის დროით 18:30 საათზე მივა. მანამდე კი ასტრონავტები ხომალდის ფრენას გატესტავენ, დარწმუნდებიან, რომ სისტემა დაგეგმილის მიხედვით მუშაობს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, Crew Dragon-ის კომპიუტერები ყველა მანევრს საკუთარ თავზე აიღებს და კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირების (მიერთების) პროცედურას დაიწყებს.
ასტრონავტები ამბობენ, რომ ისინი კაფსულის ტუალეტის გატესტვასაც გეგმავენ.
კოსმოსური შატლის პრპოგრამა 2011 წლის ივლისში დაიხუფრა. ამის შემდეგ, ნასა იძულებული გახდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაგზავნა რუსეთის რაკეტა „სოიუზით“ დაეწყო ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან. დღეს დაგეგმილი გაშვების წარმატების შემთხვევაში, ნასა ამ მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.