ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და შესაბამისად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა — რა არის პანდემია?
პანდემია არის რომელიმე ახალი დაავადების გავრცელება მთელ მსოფლიოში; დაავადების მდგომარეობა, როდესაც ის სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტ-ნაკლებად ერთდროულად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს ეხება, მაგალითად, შავ ჭირს ან გრიპს, მას ხშირად იყენებენ სხვა დაავადებების შემთხვევაშიც, როგორებიცაა, კიბო, სიმსუქნე და დამოკიდებულებაც კი.
პათოგენის გავრცელება მოსახლეობაში, მოიცავს ხუთ ზოგად აღწერილობას.
ენდემურია ინფექცია, რომელიც დროთა განმავლობაში შედარებით სტაბილური რჩება და აინფიცირებს მოსახლეობის პროგნოზირებად რაოდენობას საკმაოდ კარგად შესწავლილი გზებით. მაგალითად, პარაზიტულმა შისტოსომოზმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები, მაგრამ როგორც წესი, ისინი მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებში რჩება და დაინფიცირებულთა რაოდენობაც წლიდან წლამდე დიდად არ იცვლება.
ინფექციის აფეთქება არის მდგომარეობა, როდესაც ლოკალიზებულ რეგიონში ხდება დაავადების უცაბედი, სწრაფი გავრცელება. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში საგრძნობლად გაიზარდე ებოლას ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, დაავადება შეკავდა და არ მიიღო ეპიდემიის ხასიათი.
დაავადების ფართოდ გავრცელებას უფრო ვრცელ რეგიონებში, ეპიდემიას უწოდებენ. მაგალითად, ეპიდემია იყო ებოლას გავრცელება დასავლეთ აფრიკაში 2013-2016 წლებში.
მას შემდეგ, რაც ცხადი ხდება, რომ ეპიდემიას მთელ მსოფლიოში გადაადგილებისა და გავრცელების უნარი აქვს, უკვე შესაძლებელია მისი პანდემიად შეფასება.
როდის ხდება ეპიდემია ოფიციალურად პანდემია?
2009 წელს აშშ-ში ეპიდემიის სახით გავრცელდა გრიპის A ვირუსი, რომელსაც H1N1 უწოდეს. დაავადება საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა. ამისათვის, ორგანიზაცია იყენებს ფორმალურ პროცესს, რომელშიც მხედველობაში იღებს გავრცელების ზუსტ ხასიათს ქვეყნების მიხედვით.
2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 ორ თვეში მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას მოედო და შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად.
მომზადებულია who.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.