მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ორი ფილა უცაბედად ერთმანეთის შეეჩეხება. ზედაპირს, სადაც ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან, რღვევას უწოდებენ. ადგილს დედამიწის ზედაპირქვეშ, სადაც მიწისძვრა იწყება, ჰიპოცენტრს უწოდებენ, ხოლო ადგილს პირდაპირ მის ზემოთ, მიწისპირზე, ეპიცენტრი ეწოდება.
ზოგჯერ, მიწისძვრას აქვს ე. წ. ფორშოკები. ეს გახლავთ მცირე მიწისძვრები, რომლებიც დიდ მიწისძვრამდე ხდება. დიდი მიწისძვრის მოხდენამდე, მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ესა თუ ის მიწისძვრა ფორშოკია. ძირითად მიწისძვრას ყოველთვის მოსდევს აფთერშოკები — მცირე მიწისძვრები, რომლებიც მის შემდეგ, იმავე ადგილას ხდება. ძირითადი მიწისძვრის ბუნებიდან გამომდინარე, აფთერშოკები შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების ამ წლის განმავლობაშიც კი.
რა იწვევს მიწისძვრებს და სად ხდება ისინი
დედამიწას ოთხი ძირითადი შრე აქვს: შიდა ბირთვი, გარე ბირთვი, მანტია და ქერქი. ქერქი და მანტიის ზედა ნაწილი ჩვენი პლანეტის ზედაპირზე ერთგვარ „კანს“ წარმოქმნის.
თუმცა, ეს კანი ერთი მთლიანობა არ არის, ფაზლის მსგავსად, მრავალი ნაწილისგან შედგება და დედამიწის ზედაპირს ფარავს. ფაზლის ნაჭრები ნელ-ნელა მოძრაობენ, ერთმანეთს ეჩეხებიან და ეჯახებიან. ფაზლის ამ ნაწილებს ტექტონიკურ ფილებს ვუწოდებთ, მათ კიდეებს კი ფილების საზღვრებს უწოდებენ. ფილების საზღვრები მრავალი ნარღვევისგან შედგება და დედამიწაზე მიწისძვრათა უმეტესობა სწორედ ასეთ რღვევებზე ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ფილების საზღვრები უხეშია, ხშირად ისინი იჭედებიან, ფილის დანარჩენი ნაწილები კი მოძრაობას განაგრძობენ. საბოლოოდ, როცა ფილა საკმაოდ შორს წავა, ჩაჭედილი კიდე ერთ-ერთ ნარღვევზე ამოვარდება და ხდება მიწისძვრა.
რატომ ირყევა მიწა მიწისძვრისას
მიუხედავად იმისა, რომ რღვევის კიდეები ერთმანეთზეა მიმაგრებული, დანარჩენი ნაწილი კი მოძრაობს, ინახება ენერგია, რომელიც ჩვეულებრივ უნდა განაპირობებდეს ფილების ერთმანეთის მიმართ გასრიალებას. როდესაც მოძრავი ნაჭრების ძალა საბოლოოდ დაძლევს რღვევის უსწორმასწორო კიდეების ხახუნს და ეს კიდე ამოვარდება, გამოთავისუფლდება მთელი დაგროვებული ენერგია. ენერგია რღვევიდან ზემოთ, ყველა მიმართულებით ვრცელდება სეისმური ტალღების სახით, გუბეში ქვის ჩაგდებისას წარმოქმნილი ჭავლებივით. მიწაში გავლისას, სეისმური ტალღები მას არყევს და როდესაც დედამიწის ზედაპირს მიაღწევს, არყევს ხმელეთს და ყველაფერს მასზე არსებულს, ჩვენი და ჩვენი სახლების ჩათვლით.
როგორ აღრიცხავენ მიწისძვრებს
მიწისძვრებს აღრიცხავენ ინსტრუმენტით, რომელსაც სეისმოგრაფი ეწოდება. მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს კი სეისმოგრამა ჰქვია. სეისმოგრაფს აქვს მიწაში მყარად ჩარჭმული ძირი და თავისუფლად დაკიდებული მძიმე წონა. როდესაც მიწისძვრა მიწას არყევს, ირყევა სეისმოგრაფის ძირიც, მაგრამ არა მისი დაკიდებული წონა. ჩამოკიდებული ზამბარა ან სიმი ყველა მოძრაობას შთანთქავს. იწერება სეისმოგრაფის რხევადი და უძრავი ნაწილების პოზციას შორის არსებული სხვაობა.
როგორ ზომავენ მეცნიერები მიწისძვრის სიძლიერეს
მიწისძვრის ზომა დამოკიდებულია რღვევის ზომასა და ნარღვევში ფილის გაცურების რაოდენობაზე. თუმცა, ამის გაზომვა საკმაოდ რთულია, რადგან რღვევები დედამიწის ზედაპირიდან სიღრმეში მრავალ კილომეტრზე ჩადის. საინტერესოა, მაშ როგორ ზომავენ მიწისძვრას? ამისათვის, მეცნიერები იყენებენ სეისმოგრაფის მიერ გაკეთებული სეისმოგრამის ჩანაწერებს. მოკლე, ნაკლებად დაკლაკნილი ხაზი ნიშნავს, რომ მიწისძვრა პატარა იყო, ძალიან გრძელი, ძლიერ დაკლაკნილი ხაზი კი დიდ მიწისძვრაზე მიუთითებს. დაკლაკვნის სიგრძე დამოკიდებულია რღვევის ზომაზე, დაკლაკვნის ზომა კი ფილის გასრიალების რაოდენობაზე.
მიწისძვრის ზომას მაგნიტუდას უწოდებენ.
შესაძლებელია თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება?
არა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ამას შევძლებთ. მეცნიერებმა მიწისძვრის პროგნოზირება მრავალი სხვადასხვა გზით სცადეს, მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. ყოველი რღვევის შემთხვევაში, მეცნიერებმა იციან, რომ მომავალში იქ მიწისძვრა აუცილებლად იქნება, მაგრამ არ აქვთ არანაირი საშუალება, რათა გაარკვიონ, ზუსტად როდის.
მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით.