ქვის გიგანტური, იდუმალი მონუმენტები მთელ ევროპაში სავარაუდოდ ერთი ადგილიდან გავრცელდა
17:51, 13.02.2019
უძველესი მეგალითები, ანუ უზარმაზარი ლოდებისგან აღმართული ნაგებობები ევროპაში მრავლადაა. ახალი კვლევის მიხედვით, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შექმნილა და ყველა მათგანზე გავლენა იქონია ერთმა მონადირე-შემგროვებელმა საზოგადოებამ, რომელიც ამჟამინდელი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბრეტანის რეგიონში ბინადრობდა.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ოკეანის გადაკვეთის ტექნოლოგია იმაზე სწრაფად გამოიგონეს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვის მონუმენტების აგება მთელი კონტინენტის მასშტაბით.
კვლევის ავტორის, შვედეთის გეტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერის, ბეტინა შულც პოლსონის დასკვნით, თავდაპირველი მეგალითები ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში გამოჩნდა, შემდეგ კი საზღვაო გზებით ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე გავრცელდა, სამი ძირითადი, თანმიმდევრული ფაზით.
მეგალითების წარმოშობის ერთი ადგილის იდეა დიდი ხანია არსებობს. ფიქრობდნენ იმასაც, რომ ევროპაში ისინი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთიდან შევიდა. თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებდა, ისინი ერთდროულად გამოჩნდა რამდენიმე ადგილას.
საბოლოო პასუხის მისაღებად, შულც პოლსონმა შეისწავლა ევროპის 2400 პრეისტორიული ძეგლის რადიონახშირბადული დათარიღების მონაცემები. მათ შორის იყო არა მხოლოდ მეგალითები, არამედ მეგალითებამდელი სამარხები.
ნამარხებში ნაპოვნი ადამიანთა ნარჩენების დათარიღების შემდეგ, თარიღები უფრო დაზუსტდა არქიტექტურის, გამოყენებული იარაღების და თითოეულ ძეგლზე შემჩნეული დაკრძალვის ტრადიციების შესწავლის შედეგად.
უფრო ზუსტი ქრონოლოგიის მისაღებად, მკვლევრებმა სტატისტიკურ მეთოდებს მიმართეს. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა მეცნიერები მეგალითური მოძრაობის დაბადების ადგილას — ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში მიიყვანა. პროცესი ძვ. წ. 4500 წელს უნდა დაწყებულიყო.
როგორც ანალიზები მიუთითებს, ქვების მშენებლობის ტენდენცია საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, ჯერ სამხრეთ საფრანგეთისკენ, შემდეგ ბრიტანეთის, ხმელთაშუა ზღვის, ესპანეთისა და პორტუგალიისკენ, საბოლოოდ კი, პროცესმა თანდათანობით სკანდინავიასა და მთელ ევროპას მიაღწია.
გარდა ამისა, ახალი კვლევის მიერ დაზუსტებული თარიღები მიუთითებს, რომ ადამიანები მაშინ იმაზე უფრო სწრაფად და იმაზე უკეთ აღჭურვილი ნავებით მოძრაობდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
მკვლევართა დასკვნით, საზღვაო მოძრაობები ევროპაში, თანაც იმდენად კარგად აღჭურვილი გემებით, რომ შესაძლებელი იყო ხალხის ჯგუფების გადაყვანა საკმაოდ დიდ მანძილზე — იმაზე 2000 წლით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაფანტული მეგალითური ნანგრევების სრული სურათი და ზუსტი თარიღები ჯერ არ გვაქვს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ კონკრეტული კვლევის შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დარემის უნივერსიტეტის არქეოლოგის, კრის სკარის განცხადებით, ეს კვლევა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ მეგალითური მონუმენტების მქონე სხვადასხვა რეგიონებს შორის კავშირი მართლაც არსებობს. მთავარი გამოწვევა ახლა იმის გარკვევაა, როგორ დამყარდა ეს კავშირი.