ქვემო ალვანში მოსახლეობა თუშეთისკენ მიმავალი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით აქციას მართავს
ქვემო ალვანში მოსახლეობა თუშეთისკენ მიმავალი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით აქციას მართავს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალვანში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები თუშეთისკენ მიმავალი გზის დროულად გახსნას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე ორი წლის წინ ჩამოსულმა მეწყერმა მდინარე ალაზანი ჩაკეტა და ხელოვნურ ტბად აქცია. წელსაც მდინარის ადიდების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე წარმოქმნილი ხელოვნური ტბის მიერ გზა ახლაც დატბორილია და გავლა შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობა დატბორილი ტერიტორიიდან წყლის დასაცლელად და გზის გასაკეთებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

მოსახლეობა ხელისუფლებას და გზის მოვლაზე პასუხისმგებელ ახალ კომპანია „არილის“ ხელმძღვანელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ტბის დასაცლელად სამი დღის ვადას აძლევს.

„თუ ამ სამ დღეში ვერ მოახერხებენ ტბის ტერიტორიის გახსნას, მაშინ მთელი თუშეთი მივალთ და ტბასთან სამუშაოებს ჩვენი ხელით დავიწყებთ. ეს ტბა არის ყველაზე დიდი პრობლემა. ძროხა გვყავს მთაში გადასარეკი, რამდენიმეს საქონელი წყალში ​დაეხრჩო, ზოგიც ტყის ბილიკებიდან ცვივა. ახლა რომ მიჰყავთ გეოლოგები და სპეციალისტები, აქამდე სად იყვნენ. თუ დამეხოცება საქონელი, მერე რაღად მინდა გზა?“, – განაცხადა ბუქვაიძემ.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი მეტრეველის განცხადებით, ტბამდე მისასვლელად ჯერ 56-კილომეტრიანი გზის გაწმენდა იყო საჭირო. მისი თქმით, სპეციალისტები დადებენ დასკვნას, როგორ მოხდეს ტბის ტერიტორიის დაცლა, თუმცა სამი დღის ვადაში იქნება თუ არა შესაძლებელი თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება, გივი მეტრეველი ვერ აკონკრეტებს.

„ვიწრო ხეობაა, ათტონიანი ქვებით ამოჭედილი. როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, შესაძლებელი იქნება გზის გახსნა“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.