ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. ფორუმში მონაწილეობას შვიდი დონორი სახელმწიფო, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ინსტიტუტები იღებენ. სამდღიანი კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკავშირი, ერაყი, ქუვეითი, გაერო და მსოფლიო ბანკი არიან.
„ფორუმი ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ერაყის სტაბილურობას და აღადგინოს ტერორიზმის წინააღმდეგ ომში დანგრეული ტერიტორიები“, – ნათქვამია კონფერენციის განცხადებაში.
პარალელურად, ბაღდადში იმყოფება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ერაყელ კოლეგასთან შეხვედრაზე ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის დროს საფრანგეთი ერაყს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
ბაღდადში ამბობენ, რომ ომისგან განადგურებული ტერიტორიების აღსადგენად 100 მილიარდი დოლარია საჭირო.