ქუტირის ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო
ქუტირის ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და 2022 წლის პირველ ივლისამდე დასრულდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტი ფსიქიატრიული დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაკეთებას ითვალისწინებს. ცენტრი 454 საწოლზე იქნება გათვლილი და ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.
ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის, რომელთაც გრძელვადიანი მოვლა სჭირდებათ ქუთაისში, ფოთსა და სენაკში ოთხი საცხოვრისი აშენდება, მათ შორის ორი ქუთაისში, ერთი ფოთში და ერთი სენაკში.
სახელმწიფოს მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.