ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის ქალია, ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა
ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის ქალია, ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, ხანდაზმული ქალბატონი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კატასტროფის ბრიგადამ 20 სექტემბერს ბათუმის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადაიყვანა.
მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისთანავე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, რადგან პაციენტს ვირუსთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები: მოციმციმე არითმია, გულ სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
„პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულ სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი. 25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მამია ყიფიანმა.
ამ დროისთვის კლინიკაში 76 კოვიდინფიცრებული განაგრძობს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები.