კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი ჩვილი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 16 დღისაა
კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი ჩვილი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 16 დღისაა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი ჩვილი გამოჯანმრთელდა. მათგან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ყველაზე უმცროსი კი 16 დღისაა.

როგორც „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა, ჩვილები კლინიკაში სამეგრელოდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან შეიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკაში ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი რჩება, რომელიც 25 დღის არის. ის სტაციონარში ოთხი დღის წინ ცხელებით შეიყვანეს.

კლინიკაში კიდევ ხუთი მცირეწლოვანის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან.

გარდა ამისა, კლინიკაში ქედის მუნიციპალიტეტიდან შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დასტაბილურდა. მამია ყიფიანის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი, 30 კვირის ორსული კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ტემპერატურის მატებით, კუნთების ძლიერი ტკივილით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის ქსოვილის 70-პროცენტიანი დაზიანებით 10 დეკემბერს შეიყვანეს.

მისივე განცხადებით, პაციენტს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.