ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი - ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია, კომპლექსის ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მშენებლობის მიმდინარეობისას დაგეგმილ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ „ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულად მიუღებელია“.
საუნივერსიტეტო კომპლექსში მიუთითებენ, რომ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხის დარგვა იგეგმება.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება, რომლის საბოლოო მიზანია არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის ფარგლებში უმსხვილესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბის შექმნა. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს – მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე. ამასთან, კიდევ ერთხელ გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების განმავლობაში იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია – ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება“, – წერია განცხადებაში.
საუნივერსიტეტო კომპლექსში მიუთითებენ, რომ პროექტის განხორციელებით ქუთაისში ისტორიული მნიშვნელობის საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება, რასაც როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისე მთელი ქვეყანა, საკუთარ თავზე იგრძნობს.
„ამ ფონზე, ყოვლად გაუგებარია დღეს იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, როდესაც საკომპენსაციო ზომებზე საუბარიც კი არ იყო, ხოლო გარემოზე გავლენა შეუდარებლად მეტი, მსგავსი პრეტენზია არ გამოუხატავთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 17 მაისის განკარგულებით, ასოციაცია „ატუს“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა. საუბარია იმერული მუხის 60 ინდივიდსა და ძელქვის 49 ინდივიდზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.