ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით შეიცვლება
ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით შეიცვლება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული დაავადებული ხეების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციით, გამზირზე სანიტარიული ჭრები ჩატარდება.

„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.