ქუთაისის საკრებულოში ახალი ააიპ-ის დაფინანსების საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
ქუთაისის საკრებულოში ახალი ააიპ-ის დაფინანსების საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისის საკრებულოში ქალაქის მერიაში ახალშექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) დაფინანსების საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ქუთაისიდან იუწყება, ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიამ ერთმანეთს უნამუსო უწოდეს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, მერია გადასახადების გადამხდელების ფულს ბიუროკრატიული ხარჯებისთვის იყენებს და აფინანსებს ააიპ-ის, რომელიც არქიტექტურის სამსახურის ნაცვლად შეიქმნა. ამასთან, შუშანიამ მერიის რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომელიც მისი შეფასებით, წარუმატებელი იყო და აღნიშნა, რომ ჭიღვარიას გადადგომაზე განცხადება დიდი ხნის დაწერილი უნდა ჰქონდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებებს ქალაქის მერი გამოეხმურა. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ატერორებდა ხალხს.

„თქვენ თავად იყავით მიჩვეული სხვის ჯიბეში ქექვას და ხალხს ატერორებდით“, – მიმართა ჭიღვარიამ შუშანიას.

დაპირისპირებაში უმრავლესობის წევრი, დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი ალეკო ახალაძეც ჩაერთო. მისი თქმით, გიგა შუშანია მატყუარა პოლიტიკოსია და ქულების დაწერას ცდილობს.