ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე - არ გვაქვს ბერკეტი, ვაიძულოთ ნანა კოსტავა, დატოვოს საკრებულო, თუმცა მასთან მუშაობის სურვილი არ მაქვს
არ გვაქვს ბერკეტი, ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვე ვაიძულოთ, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრ ნანა კოსტავასთან დაკავშირებით,
ამასთან, ლატარია ამბობს, რომ კოსტავასთან ერთად მუშაობის სურვილი არ აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, ვაიძულოთ ნანა კოსტავა, დატოვოს საკრებულო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს მასთან ერთად მუშაობის სურვილი. ის რჩება ფრაქციაში, ამიტომ შევიკრიბებით ფრაქცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლატარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას ნანა კოსტავასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, არ იცის, რას აპირებს საკრებულოს წევრი.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.
ამასთან, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, დღეს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.