ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა
დღეს დილით, 11:05 სთ-ზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა, ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
2018 წელს პირველი ახალი მიმართულება – რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში ერთი კვირის წინ უკვე შესრულდა. დღეს კი მეორე – ულამაზესი ვროცლავის მიმართულება დაემატა. მაისიდან დაემატება ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქებიც. სასიხარულოა, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე თითქმის სულ გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მართლაც დიდია და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილია,-‘’ განაცხადა ქეთი ალექსიძემ.
17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგულარულ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.