ქუთაისის მერიამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ბეტონის ქარხნის მშენებლობის მიზნით, რვა ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა
ქუთაისის მერიამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ბეტონის ქარხნის მშენებლობის მიზნით, რვა ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.
ნაკვეთი, რომელიც საუნივერსიტეტო კომპლექსს პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა, ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე, მე-5 შესახვევში მდებარეობს.
აღნიშნულ საკითხს მხარი საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა. მანამდე კი, განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა, მიწის ნაკვეთზე ბეტონის ქარხანა უკვე აშენებულია, რაც კანონდარღვევაა. ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია კი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქს რამდენიმე თვეში უკან დაუბრუნებს.