ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსის მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსის მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. შერჩეული კომპანია მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას მოიპოვებს.
„ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია, მოემსახუროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და აკმაყოფილებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
დაინტერესებულ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ 2018 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].