ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში, რომლის ავტორია ალმუტ როხოვანსკი, საუბარია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, არსებულ სირთულეებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ალმუტ როხოვანსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ბუნდოვანი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მიღებიდან რვა წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის რეგულაციები უფრო სწრაფად მიიღო, ვიდრე სხვა ასოცირებულმა ქვეყნებმა, შესაბამისად, საქართველოს უფლება მიეცა, 2022 წლის მარტში წარედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ავტორის შეფასებით, ევროკავშირმა წარმოადგინა ფართოდ ფორმულირებული „პრიორიტეტები“ – პირობები, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„წვრილ შრიფტში წყალქვეშა ქვები იმალებოდა: „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეყო ხელისუფლება ოპოზიციისთვის, ევროკავშირის მიერ დანიშნულ უცხოელ ექსპერტებს უნდა მისცემოდათ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შესაძლებლობა, სანქციების დაწესებისა და მთავრობის გადადგომის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებაში. კიდევ ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა „დეოლიგარქიზაცია“, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ნორმებს სამოქალაქო უფლებათა სფეროში. ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით „ბაგირის გადაწევის“ უშედეგოდ დასრულების შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანება ტექნოკრატიულ-მენეჯერული პროცესიდან დაბრკოლებებით სავსე პროცესად იქცა, რომლის ყოველ ეტაპზე შესაძლებელი გახდა თვითნებური ახალი მოთხოვნების წამოყენება. საქართველომ კანდიდატის სტატუსი კი მოიპოვა, მაგრამ მას ავტომატურად არ მოჰყვება გაწევრიანების შესახებ „მოლაპარაკებები“. მთავრობას ჯერ კიდევ უწევს, დათანხმდეს იმ ძველ პრიორიტეტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტთან შეუთავსებლად მიიჩნევს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ივნისში და, მოგვიანებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ „აჩერებს“ საქართველოს გაწევრიანების პროცესს განუსაზღვრელი ვადით. მიზეზად ასახელებს საქართველოს კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსებისა და ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის აუქმებს 121 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერას“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებამდე საქართველო იყო ისეთ ვითარებაში, რომლის ანალოგიც ევროკავშირის გაფართოების ისტორიას არ ახსოვს.
ამასთან, სტატიის ავტორი ალმუტ როხოვანსკი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს, რომ ვითარება მოულოდნელი მიმართულებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს“ და მანამდე არც ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს. სტატიის ავტორის თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია ევროკავშირის გაფართოების ოცდაათწლიან ისტორიაში, რომლის განმავლობაშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის წევრობის დაპირება და ინტეგრაციის არასტაბილურობა მუდმივად იწვევდა საზოგადოების დესტაბილიზაციას, მთავრობების დამხობას, იმედების გაჩენას და შემდეგ მსხვრევას.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველო აწყდებოდა დასავლეთის მხრიდან.
„კობახიძის განცხადებამ ქრონიკული კრიზისის ფონზე კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვია, რომელიც „ქუინსის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიშშია აღწერილი. ყველაფრის სათავე საქართველოს შიდა პოლიტიკური მოწყობის „გეოპოლიტიზაციაშია“ საძიებელი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, უკვე დიდი ხანია, დასავლეთთან აქტიურ ინტეგრაციას ესწრაფვის, დასავლეთის ძირითადი ლიდერები მაინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, შეეზღუდათ ან რეალურად დაესრულებინათ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა. შედეგად, საქართველოს მთავრობასა და დასავლეთს შორის არსებული გაუცხოება კიდევ უფრო გამწვავდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველო ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, მისგან დასავლეთის სანქციებთან მიერთებასა და უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილის გადაცემას ითხოვდნენ. პატარა, დაუცველი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკის გადარჩენის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა“, – წერს სტატიის ავტორი.
ალმუტ როხოვანსკის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა მცდელობებს, რომლებიც, მისი აღქმით, ხელისუფლების ნელ ტემპში შეცვლას ემსახურებოდა. როგორც სტატიის ავტორი წერს, აღნიშნული წინააღმდეგობის მაგალითია საკამათოდ ქცეული ზომების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებდა. სტატიის თანახმად, ამ ნაბიჯებმა კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის, რამაც 2023 და 2024 წლებში ევროკავშირის მხარდამჭერ ქართველებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
„ბოლო საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აღმოცენდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება გამოაცხადა არჩევნებში, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია, თუმცა დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა ვერ შეძლო. ეს საპროტესტო ტალღა რამდენიმე დღის წინ ჩაცხრა. კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, თბილისსა და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებში მონაწილე ადამიანებიც ბევრად უფრო აგრესიულად და ძალადობრივად იქცეოდნენ, ვიდრე სხვა დროს. ამან პოლიციის მხრიდან აქციის მასშტაბური დაშლა გამოიწვია. საქართველოს უფლებადამცველებმა არა მხოლოდ პოლიციის ქმედებები დაგმეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო საპროტესტო მოძრაობის დაშლის მცდელობაც. ოპოზიციურად განწყობილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამ თვეში ეწურება, განაცხადა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას და ოპოზიციური ძალების გაერთიანებას საბჭოში, რათა მოემზადოს ძალაუფლების ჩამოსართმევად იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს. საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა დატოვა, ხოლო სამთავრობო უწყებების ასობით თანამშრომელმა საპროტესტო წერილებს მოაწერა ხელი. ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა ჯარს ხალხის დაცვისკენ მოუწოდა. საქართველოს ქრონიკული კრიზისის ეს უკანასკნელი გამწვავება უფრო მძლავრად იგრძნობა, ვიდრე წინა გამოვლინებები“, – ნათქვამია „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.